ქართული ფეხბურთი მოდაში შემოვიდაო – ბრიტანულმა „გარდიანმა“ დაწერა ჩვენების ბოლოდროინდელი წარმატებების შემდეგ. პოპულარული გამოცემის ჟურნალისტმა აქცენტი კონკრეტულ ფეხბურთელებზე გააკეთა – მამარდაშვილის, კვარაცხელიას და მიქაუტაძის გვარები გაზეთების პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში, ყურადღება ოთარ კიტეიშვილსაც უნდა მივაქციოთო!
ჩვენ კი „ვაქცევთ“. კიტეს ნიჭის ამბავი ჩვენზე უკეთ ვის მოეხსენება, მაგრამ სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ შემტევი ნახევარმცველის შესახებ ევროპაშიც ალაპარაკდნენ. რთულია, არ დაეთანხმო ვილი სანიოლს, რომელმაც კიტეს უწოდა „ევროპულ ფეხბურთში ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი, რომელსაც თავისუფლად ითამაშებდა ტოპ-ჩემპიონატის ტოპ-კლუბში“. მართლაც: ოთარ კიტეიშვილთან ერთად და მის გარეშე, საქართველოს ნაკრები ორი რადიკალურად განსხვავებული გუნდია, რაც კარგად გამოჩნდა ევროპის ჩემპიონატზეც და სექტემბრის ფანტასტიკურ მატჩებშიც.
კიტეიშვილის და სანიოლის გვარებს ამ წერილში კიდევ არაერთხელ შეხვდებით. თუმცა, „გარდიანის“ წერილში, ყველაზე მეტად, მე სათაური მომწონს: ქართული ფეხბურთი მოდაშია და იმედია, „პოდიუმზე“ კიდევ დიდხანს დარჩება! „მოდაშია“, უპირველესად, მისსავე ქვეყანაში, სადაც რეკორდულ დროში, ისე სწრაფად გახდა პოპულარული, დემნა გვასალიას რომ შეშურდება. ქართველების დიდ ნაწილს მხოლოდ რამდენიმე თვე ეყო იმისთვის, ქართველი ფეხბურთელები სიყვარულის მთავარ ობიექტად რომ ექცია. ფეხბურთზე ისინიც კი ალაპარაკდნენ, იქამდე, „დინამო არენა“ ავეჯის მოლი რომ ეგონათ, გურამ კაშია ქართული ფანოღის ვარსკვლავ მერაბში ეშლებოდათ, გიორგი მამარდაშვილს კი ფილოსოფოსების სიაში ეძებდნენ…
2024 წლის მარტის მატჩებმა მთელი საქართველო „მოწამლა“ ფეხბურთით, ევროპის ჩვენთვის სადებიუტო ჩემპიონატი კი მთელი ქვეყნისთვის დაუვიწყარ თავგადასავლად იქცა. ქართველების იმ მცირე ნაწილისთვისაც კი, ვინც გერმანიაში ჩასვლა ვერ მოახერხა…
ქართული ფეხბურთი „მოდაში“ ჯერ კიდევ დორტმუნდის „სიგნალ იდუნა პარკზე“ წაგებული ისტორიული მატჩის შემდეგ შე(მო)ვიდა. ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო, დრამატული მატჩის წაგების მიუხედავად, მთელი ევროპა საქართველოს ნაკრებზე ალაპარაკდა, პორტუგალიის ნაკრების დამარცხებისა და ჯგუფიდან გასვლის შემდეგ კი, სანიოლის გუნდი ტურნირის მთავარ აღმოჩენად იქცა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ინტერესის გაათმაგებაც ლოგიკური ამბავია.
ჰოდა, ძალიანაც კარგი. თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ… Every cloud has a silver lining – ეს ინგლისური გამოთქმა ნიშნავს, რომ ყველაფერს აქვს კარგი და ცუდი მხარე. შემოდგომის მოახლოებისთანავე გააქტიურდა მთავარი კითხვა – ევროპული ფურორის შემდეგ, როგორ ითამაშებდა საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველ მატჩში? კონტინენტის პირველობიდან, ბიჭებმა დიდი გამოცდილება და თავდაჯერება რომ წამოიღეს, ცალსახა იყო, მაგრამ დიდ სიხარულს თან არანაკლები სტრესიც ახლავს და რთულია, ემოციას არ აჰყვე, რაღაცებმა ხელი არ შეგიშალოს… ამიტომაც ვშიშობდით – გერმანიის სტადიონებსა თუ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიღებული საოცარი სითბო, სიყვარული, უდიდესი პოპულარობა „დათვურ სამსახურს“ ხომ არ გაუწევდა სანიოლის გუნდს?
საბედნიეროდ, ამ კითხვამ აქტუალობა მალევე დაკარგა. უფრო ზუსტად – ჩეხეთთან მატჩის დაწყებიდან 20-25 წუთში: საქართველოს ნაკრებმა ბურთიც დაიბრუნა, თავდაჯერებაც და აყლაყუდა ჩეხები, უბრალოდ, გააქრო მოედნიდან! მსაჯის საფინალო სასტვენამდე, მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი ჩანდა და ჩვენდა საბედნიეროდ, ეს გუნდი საქართველოს ნაკრები იყო. პირველ ტურში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის შეგირდებმა ძალიან პრაგმატულად, დიდი გუნდისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით გაიარეს ალბანური „ჯოჯოხეთიც“ და… ქართული ფეხბურთი არამხოლოდ მოდური, შედეგიანიც არის – ორი ტურის შემდეგ, ქვეჯგუფის ლიდერები ვართ და კიდევ უფრო აქტიურად დავიწყეთ იმ „მარშრუტების“ გამოთვლა, 2026 წლის მუნდიალამდე რომ მიგვიყვანს…
სექტემბრის მატჩები ყველამ ნახეთ და მათი დეტალური გარჩევა აზრს კარგავს. მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შევეხები ჩეხებისა და ალბანელების დაწიოკების ამბებს:
ოთხში ამოღებული ჩეხები
ვეთანხმები 6 სექტემბერს, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლის ნათქვამს – „ევრო-2024“-ზე, ყველაზე მეტად, ჩეხებთან მატჩში გაგვიჭირდაო. ჰამბურგის „ფოლკსპარკშტადიონზე“ გამართულ შეხვედრას მედია-ტრიბუნიდან ვუყურე და კარგად მახსოვს ის ზაფრა, ივან ჰაშეკის გუნდის ყოველი შეტევისას რომ ვგრძნობდი. იმ მატჩში, ჩეხებმა ძალიან დაგვჩაგრეს და მამარდაშვილის ფანტასტიკური თამაში რომ არა, წაგებას ვერ გადავურჩებოდით. რევანში იმ შეხვედრის დასავიწყებლადაც გვჭირდებოდა და სატურნირო თვალსაზრისით – მით უფრო. ჰოდა, ამოვიღეთ კიდეც „ოთხში“ – ოთხი ერთი-მეორეზე ლამაზი გოლი გავუტანეთ და ისეთ დღეში ჩავყარეთ, ნამატჩევს, არც მალავდნენ – თავი სკოლის მოსწავლეები გვეგონა, ქართველებმა საფეხბურთო გაკვეთილი ჩაგვიტარესო.
არადა, თამაში ისე დაიწყო, ჰამბურგის სტადიონი გამახსენდა: ბურთი სტუმრებს, მათი გაუტავებელი შეტევები და მამარდას ფანტასტიკური მოგერიება! სცენარი პირველი ტაიმის შუაწელიდან შეიცვალა (ნამატჩევს, სანიოლმა თქვა, რომ საწყისი წუთების შემდეგ, კვარაცხელიას და მიქაუტაძეს ანიშნა – ძალიან უკან არ ჩამოსულიყვნენ და კონტრშეტევებისთვის სივრცე დაეტოვებინათ) – მასპინძლებმა ბურთი დაიბრუნეს და პოზიციური შეტევებისთვისაც მოიცალეს. ამავდროულად, განსაკუთრებული ყურადღებით ვთამაშობდით დაცვაში და ყველანაირად ვცდილობდით, სტუმრებს მთავარ კოზირამდე – ბურთის საჯარიმოში ჩაწოდებამდე ვერ მიეყვანათ საქმე. განაცხადში აზაროვის დაბრუნების მიუხედავად, საქართველოს ნაკრების ფრანგი მწვრთნელი მარცხენა ფლანგზე ისევ ლოჩოშვილს ენდო და რამდნჯერმე, შეტევის შენელებას თუ არ ჩავთვლით, მთლიანობაში, ლოჩო ისევ კარგი იყო.
მასთან ერთად, კარგი იყო საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი, ვინც ჩეხების წინააღმდეგ ითამაშა. ხვიჩაზე ახალი რა უნდა ვთქვათ?! მოედანზე მისი მხოლოდ ყოფნაც კი, დიდი თავსატეხია მეტოქის მცველებისთვის – ყვითელი ბარათები, მუდმივ მეთვალყურედ მიჩენილი 2-3 მოთამაშე და შიში, რომელიც მცველებს მაშინვე ეუფლებათ, როგორც კი კვარა ბურთს მიიღებს! კვარაცხელიამ გოლიც გაიტანა და დანარჩენ საგოლე შეტევებშიც მიიღო მონაწილეობა – საგოლე პასიც ჩაიწერა ანგარიშზე, მეოთხე გოლისას კი ჩვეული დრიბლინგით მიუახლოვდა საჯარიმოს, რამდენიმე მცველი „მიიწება“ და ჩაკვეტაძეს დაუგორა…
როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი ნაკრების სხვა ფეხბურთელებმაც კარგად ითამაშეს, მაგრამ ჩაკვეტაძესა და კიტეიშვილზე მაინც ცალკე უნდა ვთქვათ: ორივე მათგანი ფანტასტიკური იყო! ძალიან გვიხარია, როცა „ძველი“ ჩაკვეს დაბრუნებას ვუყურებთ! უფრო სწორად, რამდენიმე წლის წინანდელი ჩაკვეტაძის გაუმჯობესებულ ვერსიას: ინგლისში გადაბარგების შემდეგ, გიორგიმ ფორმა და თავდაჯერება დაიბრუნა, ფიზიკური კონდიციების მხრივ კი ძალიან აქვს მომატებული, რაც შესაძლებლობას აძლევს, შეტევების წამოწყების პარალელურად, დაცვასაც ძალიან აქტიურად დაეხმაროს.
გიოს პასები კი… ბოლო ორ მატჩში ჩაკვეტაძის საოცარი გადაცემები ვნახეთ, ჩეხებისთვის გატანილი მეოთხე გოლის დროს კი, დიდოსტატური პაუზა და ქოჩორასთვის აგდებული ბურთი, რომელმაც ერთდროულად გაგვახსენა მესიც და ყიფიანიც…
ახალს ვერაფერს ვიტყვით ოთარ კიტეიშვილზეც: თუ ტრავმა არ აწუხებს, კიტე შეუჩერებელია, მოედანზე მისი ყოფნის დროს კი, ნაკრები არ აგებს! ფრთიან ფრაზად ნუ მიიღებთ – ფაქტი გახლავთ: როცა კიტეიშვილი მოედანზეა, საქართველოს ნაკრები არასდროს მარცხდება! მოედნის საუცხოო ხედვა, შეუდარებელი გადაცემები, უძლიერესი დარტყმა – ფანტასტიკური საკლუბო სეზონის შემდეგ (აკი, შეგვახსენა კიდეც „გარდიანის“ მიმომხილველმა – ჩემპიონთა ლიგაზე კიტეიშვილს დააკვირდითო!), ეროვნულ ნაკრებშიც ბრწყინავს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, ბოლომდე შეიცვლება მისი სტატუსი – „ევროპის ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი“.
ქოჩორა, რომელმაც ამჯერადაც უდიდესი სამუშაო შეასრულა, „ჟორჟი“, რომელმაც ძალიან მაგარი და საჭირო (პირადად მისთვის და ნაკრებისთვის!) გოლი გაიტანა, დაცვის მთელი ხაზი, მამარდა – ჩეხეთთან ყველამ დამაჯერებლად ითამაშა. ფეხბურთში ასეა – თამაში ხან „წაგივა“, ხან – არა, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ საქართველოს ნაკრები აღარ არის „ერთი კაცის“ გუნდი. ნაკრებს რამდენიმე ლიდერი ჰყავს, ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია, გადამწყვეტი როლი შეასრულოს. კარგი მატჩები სხვა დროსაც გვქონია, მაგრამ გაგვიჭირდება გავიხსენოთ საქართველოს რომელიმე ფორმაციის ნაკრები, რომელსაც ისეთი დომინაცია ჰქონდა მეტოქეზე, როგორიც – სანიოლის გუნდს, ჩეხეთის ნაკრებთან! ეს გუნდი ერთ-ერთი (თუ ყველაზე არა!) საუკეთესოა ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში. ცხადია, არის ხარვეზები და კითხვის ნიშნები, შეგვიძლია, ვიკამათოთ რომელიმე ფეხბურთელის ამპლუასა თუ სათამაშო დროზე, მაგრამ ფაქტია, რომ ვილი სანიოლმა მიაგნო ძირითად ბირთვსა და ტაქტიკას, რომელმაც წარმატება უნდა მოგვიტანოს. ჩვენი გუნდი გაცილებით დაღვინებული და თავდაჯერებულია, იცის, რა უნდა და როგორ შეასრულოს სამწვრთნელო შტაბის დავალება…
სამოთხისკენ – დაპირებული ჯოჯოხეთის ნაცვლად
„ჩეხ-ვაი საკვირველიდან“ სამ დღეში, საქართველოს ნაკრებმა ტირანაში, „ეარ ალბანია სთედიუმზე“ ითამაშა და სიმშვიდისა და კლასის ახალი სიმაღლე გვიჩვენა. ადგილობრივმა ქომაგებმა დიდის ამბით კი „შეგვაშინეს“ – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთშიო, მაგრამ… როგორც ჩანს, „ჯოჯოხეთის“ შესახებ მთლად ზუსტი წარმოდგენა არ უნდა ჰქონდეთ. კი, ხმაურიც იყო, უზრდელობა და უპატივცემულობაც (ალბანელი ქომაგი საქართველოს ეროვნულ ჰიმნს სტვენით შეხვდა!), მაგრამ რაც დორტმუნდის 80-ათასიან „სიგნალ იდუნა პარკზე“, თურქი ფანების შესრულებით ვნახე, მასთან შედარებით, ტირანას პატარა (22 500 მაყურებელს იტევს) არენის ტრიბუნებს მხოლოდ „სალხინებელს“ თუ შევადარებთ…
საქართველომ ალბანური ციხე-სიმაგრე დაანგრიაო – ნამატჩევს დაიწერა ადგილობრივ პრესაში. ბოლო წლებში, ალბანელები მართლაც გაუვალ ზღუდეებს ახვედრებდნენ მომხვდურთ – თითქმის ორი წლის განმავლობაში, ოფიციალურ საშინაო მატჩებში გოლიც კი არ გაუშვიათ, ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა უმეტესობა კი ძლიერ ევროპულ კლუბებში აგორებს ბურთს და… გასაკვირი არ არის, წარმატებას დანატრებულ ბალკანელებს ამპარტავნების ნიშნები რომ შეპარვიათ. ოღონდ, გამარჯვების მოლოდინი და სურვილი ერთია, მეტოქის ეროვნული ჰიმნის შეურაცხყოფას კი არცერთი ამართლებს.
საბოლოოდ, დასტვენილიც და წაგებულიც მასპინძლები დარჩნენ. ალბანელი გულშემატკივრის დაპირების, სტადიონის დასახელებისა და რაც მთავარია – მათი ნაკრების მეტსახელის („არწივები“) გათვალისწინებით, საკუთარ მოედანზე სწორედ რომ მასპინძლებს უნდა „ეფრინათ“, თუმცა… საქართველოს ნაკრებმა ბალკანელებს ფრთების გაშლა არ დაანება, სიმშვიდისა და კლასის ხარჯზე აჯობა და 2026 წლის მუნდიალისკენ გვარიანი ნაბიჯი გადადგა!
სექტემბრის მატჩებით, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხომ გაგვახსენა – მსოფლიო პირველობაც უფრო ახლოდან „დაგვანახა“!
ოღონდ, თუ ევროპის ჩემპიონატზე გამართული ოთხივე მატჩი მთლიანად ემოცია იყო, ჩეხეთთან, განსაკუთრებით კი ალბანეთთან გასვლით შეხვედრაში, სულ სხვა მენტალობის საქართველოს ნაკრები ვნახეთ. გუნდი, რომელიც ისე თამაშობდა, როგორც თავად სჭირდებოდა, თამაშის სადავეებიც თავად ეპყრა და საბოლოოდ, მიაღწია კიდეც დასახულ მიზანს.
რთულია, არ დაეთანხმო ალბანელთა მთავარ მწვრთნელს – ერთი გოლის მატჩი იყო და ვინც პირველი გაიტანდა, ის მოიგებდაო. დიახ, ვინც გაიტანა, მოიგო კიდეც, მაგრამ საქმეც ის არის, რომ საქართველოს ნაკრებმა ისე ითამაშა, მხოლოდ მაღალი კლასის გუნდებს რომ შეუძლიათ – თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდა თამაშის რიტმს და როცა სავიზიტო ბარათად ქცეული საფირმო კონტრშეტევები არ გამოსდიოდა, პოზიციურადაც ახერხებდა შეტევას და საჭიროების შემთხვევაში, ბურთსაც „აგორებდა“. ზომიერი სიფრთხილითა და თავდაჯერებით ეთამაშებოდა მასზე გაცილებით მეტად დამფრთხალ მეტოქეს და თავის შანსს ელოდა.
საქართველოს ნაკრები მშვიდი იყო, უშიშარი. რისკზე წასვლა არც დასჭირვებია და არც წასულა – მეტოქის შეცდომას ელოდა. ვერ ვიტყვით, რომ ამის გამო შანსი ბევრჯერ მიიღო, მაგრამ სამაგიეროდ – თვითონ შექმნა და გამოიყენა კიდეც. თავქუდმოგლეჯილი არ წასულა შეტევაში. როცა ბურთი ჰქონდა (და ეს მეტოქეზე ხშირად იყო), პოზიციურადაც უტევდა და კარში დარტყმაც რამდენჯერმე სცადა. ეგაა, მიზნის გასასწორებლად რამდენიმე არაზუსტი დარტყმა დაგვჭირდა, სანამ… ქოჩორამ ჯადოსნური არ დაარტყა.
რადგან რისკი ვახსენოთ, ვილი სანიოლისთვის დასმულ ჩემს კითხვას გავიხსენებ: „შეუძლიათ თქვან, რომ გარისკვის გარეშე მიყვარს თამაში, თუმცა ჩემს გუნდში ექვსი შემტევი მოთამაშეა – მსოფლიოში ბევრი გუნდი იცით, რომელსაც ამდენი შემტევი სტილის ფეხბურთელი ჰყავს?! არა მგონია. ბევრჯერ წავსულვარ რისკზე და უმეტეს შემთხვევაში, გათვლილი რისკი იყო. ამ საკითხს ვუყურებ როგორც ჭიქას, რომელიც ზოგისთვის ნახევრად სავსეა, სხვებისთვის – ნახევრად ცარიელი. შეგიძლია ერთდროულად ათამაშო ბევრი შემტევი ყაიდის ფეხბურთელი, თუმცა მათ მცველების დახმარებაც უნდა შეეძლოთ. თუ ამაში დარწმუნებული არა ხარ, რთულია გარისკვა და ერთდროულად ბევრი შემტევის დაყენება“…
ტირანას „ეარ ალბანიაზე“ საქართველოს ნაკრებს გარისკვა არც დასჭირვებია და არც გაურისკავს. ბურთსაც და თამაშის ტემპსაც მშვიდად ვაკონტროლებდით. კონტრშეტევაზე სწრაფად გადასვლა, ალბანელებსაც კარგად ეხერხებათ, მაგრამ ამის შანსი, ფაქტობრივად, არ მიგვიცია.
პირველ ტაიმში მიღებული ძლიერი დარტყმის შემდეგ, კვარამ მთელი დარჩენილი დრო ტკივილის თანხლებით ითამაშა და ეს ეტყობოდა კიდეც, მაგრამ… კიდევ ვამბობ – ამ ფორმაციის ნაკრები აღარ არის მხოლოდ ერთ მოთამაშის გუნდი. როცა ლიდერს თამაში არ მისდის, ან მოედანზე აღარ არის, საქართველოს ნაკრები თამაშს აგრძელებს, მატჩის ბედის გადაწყვეტა კი ნებისმიერ ქართველს შეუძლია. გვყავს რამდენიმე მოთამაშე, რომლებსაც ინდივიდუალური მოქმედების ხარჯზე შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა. ქოჩორას ეპიზოდი ამის ნათელი მაგალითია: „ლევანტეს“ ნახევარმცველის ყველგანმყოფობის ამბავი აქამდეც გვინახავს. მაგრამ უდიდესი „შავი“ სამუშაოს გარდა, ამ ბიჭს გოლების გატანაც რომ შეუძლია, სექტემბრის ორივე მატჩში გვიჩვენა. იმ ფონზე, რომ ალბანელები ძალიან მჭიდროდ მეურვეობდნენ კიტეიშვილს, ქოჩორაშვილი ყველგან იყო!
საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი ნაბიჯი გადადგა ახალი მიზნისკენ. პირველ ეტაპზე, ეს უეფას ერთა ლიგის წლევანდელი ჯგუფის პირველ ადგილზე დასრულებას გულისხმობს (რაც ავტომატურად იძლევა 2026 წლის მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლის გაგრძელების უფლებას), გარდა ამისა, იმავე ერთა ლიგის B დივიზიონიდან კიდევ უფრო დაწინაურება შეგვიძლია და…
საქართველოს ნაკრებმა ორივე მატჩი მოიგო უეფას ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში. კიდევ უფრო მეტად მოიგო მაყურებლის გული და ამავდროულად, პასუხი გასცა მთავარ კითხვას: როგორ ითამაშებდა ევროპის ფეერიულ/ეიფორიული ჩემპიონატის შემდეგ?
კარგად ითამაშა. საქართველო გაზრდილია. მოედანზეც და მის მიღმაც.
საქართველოს ნაკრებს გასულ წლებშიც ჰქონია კარგი მატჩები. ფავორიტებიც არაერთხელ დაგვიმარცხებია. ოღონდ… იმ მატჩების უმეტესობა ცალკეული გამონათება იყო. ანდა, ჯგუფიდან გასვლის შანსის დაკარგვის შემდეგ „კარის გაჯახუნება“. საქართველოს ნაკრების ეს თაობა კი სტაბილური გახდა. თავდაჯერებული. ფეხბურთს თამაშობენ. აქვთ ტაქტიკა, რომელსაც, მეტ-ნაკლები წარმატებით ყველა მატჩში მიჰყვებიან და ასრულებენ.
ყველაზე მნიშვნელოვანიც, 2024 წლის ფორმაციის ნაკრებში, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის: მარტის მატჩებიდან მოყოლებული, ევროპის ჩემპიონატის ჩათვლით და აგერ, სექტემბერშიც, საქართველოს ნაკრები ფეხბურთს თამაშობდა! ცხადია, ბევრი ხარვეზით. შეცდომებითაც. მაგრამ წინასწარ არჩეული (და საჭიროების შემთხვევაში და მატჩ(ებ)ის მსვლელობისას შეცვლილი) ტაქტიკით. მართალი თქვა ვილი სანიოლმა ჩეხებთან მოგების შემდეგ: გულშემატკივარს არ უნდა გაუკვირდეს, თუ მომავალი მატჩებიდან რომელიმეს წავაგებთ, მთავარია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ბიჭებმა თავდაჯერება შეიძინეს – ირწმუნეს, რომ ყველაფერი შეუძლიათო…
სექტემბრის მოგებებმა ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს. მით უმეტეს, ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოს ნაკრები უკვე არის ევროპული ფეხბურთის „გრანდი“ და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშიც „გარანტირებული“ აქვს. მუნდიალამდე ჯერ შორი გზაა და ბევრი ეტაპია გასავლელი. თუმცა, ამ ეტაპზე, მთავარი ისაა, რომ ვილი სანიოლის გუნდი ახლა უფრო პრაგმატული, „დაღვინებული“ და თავდაჯერებული ჩანს და თვითონ ფრანგიც ასეა – გუნდთან ერთად, თვითონაც იზრდება. თქვა კიდეც „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში – მიხარია, რომ ყოველდღიურად ვსწავლობ და მინდა, ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდესო…
თანახმა ვართ! ჩვენც გვინდა, პროგრესი გაგრძელდეს და ქართული ფეხბურთი კიდევ დიდხანს იყოს „მოდაში“!
რატი შელეგია
