საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძეს მიაჩნია, რომ მის ფეხბურთელებს ემოციურ კონტროლზე და ტაქტიკური დავალებების შესრულებაზე სამუშაო ბევრი აქვთ. მან ამის შესახებ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ნიდერლანდებთან 1:3 წაგების შემდეგ განაცხადა.
რამაზ სვანაძე: “რთული თამაში აღმოჩნდა. მარცხი ყოველთვის საწყენია. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ოქტომბერში, შვედეთში ფინალის ტოლფასი თამაში გველოდება. თამაშის მენტალურ მხარეს თუ გავითვალისწინებთ, თუ არ ჩავთვლით პირველ 15 წუთს, დანარჩენ მონაკვეთებში მიმაჩნია, რომ გუნდი სათამაშო ეპიზოდებზე ადეკვატურად რეაგირებდა და გვქონდა მართლაც იმის სურვილი, რომ თამაში გადაგვერჩინა.
პირველი ტაიმის მეორე ნახევარი მთლიანად ჩვენი კარნახით წარიმართა და შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო თამაშის მონაკვეთი იყო, თუ საუკეთესო არა, რაც ამ ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს აქამდე უთამაშია. ბევრი გვაქვს სამუშაო ემოციურ კონტროლზე და ტაქტიკური დავალებების შესრულებაზე. დიდი როლი ითამაშა გამოცდილებამ, ძალიან მაღალი დონის გუნდთან გვქონდა საქმე, ამას საუბარი არ სჭირდება. ეს შედეგებიდანაც კარგად ჩანს და მინდა მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მივულოცო.
მეორე ტაიმში დაღლაც დაგვეტყო და გამოუცდელობა კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო. დღეს მინდორზე ბევრი ახალი მოთამაშე გვყავდა, რომლებმაც პირველად ითამაშეს ახალგაზრდულ ნაკრებში და პირველად ითამაშეს საერთოდ ასეთი დონის გუნდთან. ეს მათთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო, რაც შვედეთში აუცილებლად დაგვეხმარება. არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, აქამდე ჩვენით მოვედით, ჩვენი შრომით, ჩვენი გუნდურობით, ჩვენი ერთსულოვნებით და დარწმუნებული ვარ, შვედეთში წარმატებით დავასრულებთ იმ თამაშს, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან ცდას არ დავაკლებთ.
ძალიან საწყენი იყო, რომ თამაშის წინ საბა საზონოვი გამოგვაკლდა. მთელი 8 დღის ნამუშევარი გეგმა, ფაქტობრივად თამაშის წინ აგვერია. ასევე გვქონდა სხვა დანაკლისებიც, ფაქტობრივად მთელი დაცვის ხაზი შეცვლილია, თუ არ ჩავთვლით გუნდის კაპიტანს, საბა ხვადაგიანს. ამიტომ, ძირითადად პრობლემები დღეს დაცვის ხაზში გვქონდა, თუმცა სწორი დასკვნების გაკეთების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში წარმატებას მივაღწევთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თამაშზე, ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერა 90 წუთის მანძილზე იგრძნობოდა, რაც ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 10 ოქტომებრს ჯგუფში მე-3 ადგილზე მყოფ შვედეთთან ჩაატარებს, რომელმაც დღეს სტუმრად მოლდოვას ვერ მოუგო – 0:0.
ნიდერლანდები 9 მატჩში აღებული 27 ქულით ჯგუფის ლიდერია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოცა. საქართველოს ნაკრები ჯგუფში 16 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფში მე-3 ადგილზე 14 ქულით შეედეთია. 9 ჯგუფის გამარჯვებული მომავალ წელს სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გადის, ხოლო მათ 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი ემატებათ. დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი პლეი-ოფს ითამაშებს და გამარჯვებულები ფინალური ეტაპის საგზურის მოიპოვებენ. ამ 15 გუნდს მასპინძელი სლოვაკეთი დაემატება.
ლაშა თაბაგარი
