ლუკა ლოჩოშვილი: “ვეცდებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ”

0
25

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში გამართა. ტირანაში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ჩეხეთთან მატჩი შეაფასეს და ალბანეთთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრეს ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა, საბა გოგლიჩიძემ და ლუკა ლოჩოშვილმა.
საბა გოგლიჩიძე:“ჩეხეთის ნაკრების სახით ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. კარგად მოვემზადეთ ამ თამაშისთვის, ასი პროცენტით დავიხარჯეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ალბანეთი რთული მეტოქეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვაფასებთ. ვემზადებით და ვეცდებით, რომ ჩვენი თამაშით მივაღწიოთ წარმატებას”.
ლუკა ლოჩოშვილი: “დაძაბულ ბრძოლას ველი. ალბანეთი სახლში ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია. მეტოქე შევისწავლეთ და ვეცდებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბული თამაში იქნება და შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.
ჩეხეთთან თამაშს დადებითად შევაფასებდი. კარგი, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ბევრი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში შევხვდით ერთა ლიგას. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და დადებითი შედეგით დავასრულებთ ამ შეკრებას”.
ალბანეთის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი