საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში გამართა. ტირანაში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ვარჯიშამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ადგილობრივი და ქართული მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, ჩვენი გუნდის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა.
გიორგი მამარდაშვილი:” “რთულ თამაშს ველოდებით. სანაკრებო დონეზე გასვლაზე თამაში მარტივი არასდროს არის. ვიცით, რომ ყველ ბილეთი გაყიდულია. ალბანეთის ნაკრებს კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. ჩვენი გუნდი კარგ ფორმაში ხვდება თამაშს და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.
ჩემი პირველი სანაკრებო მშრალი მატჩი სწორედ ამ სტადიონზე ჩავატარე. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა ევროპული კარიერა, ახლა კი, მეტი გამოცდილება მაქვს და ვეცდები ხვალინდელ შეხვედრაშიც კარგად ვითამაშო.
მიუხედავად ანგარიშისა, ჩეხეთთან რთული თამაში გამოვიდა. კარგად ვითამაშეთ და სწორედ ამიტომ დაფიქსირდა ასეთი სხვაობა. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია. მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს. ვუყურებდი და სიამოვნებას ვიღებდი ჩეხეთთან შეხვედრაში მათი თამაშისგან.
მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერის გარეშე, შესაძლოა, ვერც გავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე. ცუდ და კარგ პერიოდშიც გვეხმარებიან და ყველაფერს გავაკეთებთ მათთვის. ერთი გუნდი ვართ და მათი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის”.
ალბანეთის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
