“თელავს” კვიპროსელი გაწვრთნის

0
57

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე “თელავს” კვიპროსელი ხარალამბოს ხრისტოდულუ გაწვრთნის, რომელმაც სომეხი არმენ ადამიანი შეცვალა. ამის შესახებ თელაველთა პრესსამსახური იუწყება:
“გაცნობებთ, რომ ჩვენს გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – სკ “თელავს” 56 წლის კვიპროსელი ხარალამბოს ხრისტოდულუ გაწვრთნის.
ხარალამბოს ხრისტოდულუ 1967 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა, სამწვრთნელო საქმიანობა კი 2006 წელს დაიწყო, როცა კვიპროსული “დოქსა” ჩაიბარა და სამი წლის მანძილზე წვრთნიდა.
უეფას პრო-ლიცენზიის მფლობელი სპეციალისტი “დოქსას” შემდეგ არაერთ კლუბს ავარჯიშებდა, უმეტესად კვიპროსულებს, გუნდების სიაც საკმაოდ შთამბეჭდავია: ნიქოზიის “ოლიმპიაკოსი”, ლიმასოლის აელ, ფამაგუსტას “ანორთოსისი”, ნიქოზიის “ომონია”, “ნეა სალამინა”, “კარამიოტოსა” და “ეთნიკოსი” – ბამბოს ხრისტოდულუმ, 2021 წლის აგვისტოდან იმავე წლის დეკემბრამდე სომხური “სევანიც” გაწვრთნა, ბოლოს კი ნიქოზიის “ოლიმპიაკოსს” უთავკაცა.
ხარალამბოს ხრისტოდულუს ზურგს ჩემპიონის ტიტულიც უმაგრებს – 2011/2012 წლების სეზონში ლიმასოლის აელ კვიპროსში უძლიერესი გახადა. მან 2014 წლის 9 იანვარს თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდი ჩაიბარა და 2015 წლის 31 ოქტომბრამდე 13 მატჩში ხელმძღვანელობდა”.
ხარალამბოს ხრისტოდულუ: “ვნახე გუნდის ბოლო სამი თამაში, ეს არის გამოცდილების და ახალგაზრდა ფეხბურთელების მიქსი, რაც მნიშვნელოვანია, ბოლო 15 დღე უშუალოდ, ახლოს ვარ ჩახედული და ვიცი, თქვენი შესაძლებლობები. გეტყვით იმასაც, რომ ახლოს ვიცნობ კლუბის პრეზიდენტს, ვიცი, მისი მიზნები და ამიტომ დავთანხმდი, რადგან სადაც არ უნდა იყოს, ყველგან წარმატებისთვის იღწვის, რაც ჩემს მენტალიტეტთან ახლოსაა და მინდა, მას გვერდი დავუდგე”.
ლაშა თაბაგარი