ჩემპიონმა ქულები „ტორპედოსთან“ გაიყო

0
53

ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში ისევ ვერ მოიგო. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი შინ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. არადა, ბათუმელებს უფრო მეტად რომ გამართლებოდათ თავის ანგარიშზე სამ ქულას ჩაიწერდნენ. „დინამოს“ ჩემპიონატში ზედიზედ 8 თამაში არ გაუმარჯვია – 6 ფრე და 2 წაგება/
მატჩის დაწყებამდე ბათუმის სტადიონზე შეკრებილმა „დინამოს“ მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა მთავარი მწვრთნელის უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გადადგომა მოითხოვა და ამას ორი ტაიმის განმავლობაში დროდადრო იმეორებდა. სხცათა შორის, ბათუმში ჩასული ქუთაისელი ქომაგები თავის მხრივ „ტორპედოს“ შოტლანდიელი თავკაცის სტივ კინის გაშვებას ითხოვდნენ.
შეხვედრის მე-4 წუთზე „ტორპედოს“ ნიგერიელმა ნახევარმცველმა ტიმ ოლოკო-ობიმ ბურთი თავის ნახევარზე დაკარგა და სტუმართა კონტრშეტევის დროს დავით მუჯირმა საჯარიმოში კარგი პასი გაუკეთა ალბანელ უერდი მარას, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა.
24-ე წუთზე დიტო ფაცულიამ შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ქუთაისელთა კარის ზედა ძელს მოხვდა. ცოტა ხანში, ფაჩულია საჯარიმოს გარედან „ტორპედოს“ კარს ისევ დაემუქრა და ამჯერად, ბურთი ხელებში მეკარემ დააფიქსირა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მუჯირმა მეტოქის საჯარიმოში მმცველს დაასწრო და ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ სერბმა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა „ტორპედო“ გოლის გაშვებას გადაარჩინა. 57-ე წუთზე ფაცულიამ დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და სტუმრები გოლის გაშვებას ისევ ხარიხამ გადაარჩინა. 63-ე წუთზე, ფაჩულია ქუთაისელთა ნახევარზე ორ მცველს გაექცა და საჯარიმოსთან მიახლოებულმა „გაისროლა“, თუმცა ამჯერად ბურთი გვერდითმა ძელმა აისხლიტა. 70-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ნინკოვიჩმა ბათუმელთა კართან ახლოს მდგომი იონსენი მოძებნა, რომლის თავურის შემდეგ როინ კვასხვაძემ ბურთი ცალი ხელით მოიგერია.
81-ე წუთზე „ტორპედოს“ შეტევის დროს ვარლეიმ მასპინძლების საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და კვასხვაძემ ძალიან ცუდად მოიგერია ბურთი, რომელსაც კარის წინ მდგომმა იონსენმა ადგილი ბადეში მიუჩინა – 1:1.
“ტორპედო” 42 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა, ხოლო “დინამო” 35 ქულით – მეოთხე.
დინამო ბთ 1:1 ტორპედო
მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილი წყალტუბოს „სამგურალი“ „გაგრას: ესტუმრა და 3:1 სძლია. გაგრელები 41-ე წუთზე გიორგი ლომთაძემ დააწინაურა, რომელმაც პენალტი გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ლუკა ხორხელმა ანგარიში გაათანაბრა.
59-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. მე-60 წუთზე ლევან კუტალიამ პენალტი გამოიყენა და „სამგურალი“ წინ გავიდა – 1:2. 69-ე წუთზე წყალტუბოელებიდან თავი ფერნანდო ბულიმ გამოიჩინა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. „სამგურალი“ 29 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო „გაგრა“ 21 ქულით მეცხრეა.
გაგრა 1:3 სამგურალი 
ლაშა თაბაგარი