„ლიონმა“, რომელსაც მიმდინარე ზაფხულში გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა, სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე თამაში წააგო. ლიონელები სახლში „მონაკოს“ დაუპირისპირდნენ და 2 უპასუხო გოლი გაუშვეს.
პირველ ტურში პენალტის ვერგამტანი საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მე-17 წუთზე ტრავმირებული ნუამას მაგივრად ჩაერთო.
უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, 65-ე წუთზე ანგარიში ბენ სეგირმა გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე მასპინძლების კარი კამარამ აიღო.
„ლიონი“ 2 ტურის მერე უქულოდაა და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი
