კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილმა წყალტუბოს „სამგურალმა“ ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და შავიზღვისპირელების 6-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ნიკა ხორხელმა მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი საჯარიმოში მყოფ თავის ძმა ნიკა ხორხელს გაუკეთა, რომელმაც ვარდნაში თავით ზუსტად დაარტყა – 1:0.
55-ე წუთზე მასპინძლებს ორბურთიანი სხვაობით დაწინაურება შეეძლოთ, მაგრამ ნიკა ხორხელმა პენალტის შესრულების დროს ბურთი კარს ააცილა. 69-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ლუკა ხორხელმა თავდაპირველად თითქოს დაკარგა ბურთი, რომელიც მეტოქის მცველის ფეხიდან ისევ მას მიუვიდა და მახვილი კუთხიდან დუბლი შეასრულა – 2:0.
79-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან ირაკლი ჯანჯღავას საუცხოო პასის შემდეგ, ლუკა ხორხელი ფოთელთა საჯარიმოში წინ გამოსულ მეკარე გაცდა და მიმდინარე სეზონში თავისი პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა, მან ამ სეზონში მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.
„სამგურალი“ 26 ქულით 10-გუნდია ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა, ხოლო კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით „კოლხეთმა“ 27 ქულა დააგროვა და მეხუთეა.
ვლადიმერ კაკაშვილის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა „სამტრედიაში“, რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეორე თამაში მოიგო. სამტრედიელებმა „გაგრას“ უმასპინძლეს და ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს. 23-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი აცვენა სტუმართა ფეხბურთელ გიორგი უგულავას, რომელიც მეტოქეს ფეხებში ძალიან უხეშად ჩაუვარდა. 30-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა განელმა ჟოზეფ ამოაკომ კარსი დაარტყა და ბურთი ხელში ირაკლი იაკობიძეს მოხვდა, რის გამო პენალტი დაინიშნა. განელმა დანიელ ოვუსუმ თერთმეტმეტრიანი დაარტყა და ურკაინელმა ოლექსანდრ ვორობეიმ ბურთი მოიგერია. ცნობისთვის, ვორობეი მეორე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გამოდის და 5 პენალტი აიღო.
75-ე წუთზე გაგრელთა საჯარიმოში მყოფმა კამერუნელი ფრანსუა ეკონგოლომ კარში დაარტყა, მაგრამ პასი შორეულ კუთხესთან მდგომ დავით უბილავას მისამართით გამოუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა. 83-ე წუთზე ამოაკომ კუთხური ჩააწოდა და ზურაბ გიგაშვილმა თავით ვორობეის კარი აიღო – 2:0.
„სამტრედია“ 14 ქულით ბოლო ადგილზეა, გიორგი ონიანის გაწვრთნილი „გაგრა“ კი 21 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი
