საბა მამაცაშვილი კარიერას შვედეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ „სირიუსში“ გააგრძელებს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.
21 წლის მამაცაშვილი თბილისის „იბერია 1999“-ის (ყოფილი „საბურთალო“) აღზრდილია. ის გასულ სეზონში „გაგრაში“ იჯარით თამაშობდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში „იბერიაში“ 18 შეხვედრა გამართა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
“საბა მარცხენა მცველია, რომელსაც თვალს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლისას ვადევნებდით. ის ძლიერად გამოიყურება შეტევაში ჩართვის დროს და ტექნიკური და ფიზიკური უნარების ხარჯზე ხიფათის შექმნა შეუძლია, აქვს კარგი პასი, დარტყმა და დრიბლინგიც გამოსდის. იმედი მაქვს, რომ საბა ჩვენს დახმარებას უკვე შემოდგომაზე შეძლებს, ამასთან, მას საკმარისი დრო უნდა მივცეთ, რათა ადაპტაციის პერიოდი გაიაროს, ენა ისწავლოს და კლუბის სათამაშო სტილს მოერგოს. მისი თამაშის ხილვა ნამდვილად საინტერესო იქნება”- განაცხადა “სირიუსის” სპორტულმა დირექტორმა ჯონათან ედერსტრომმა.
ლაშა თაბაგარი
