საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს, თბილისში, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქარველოს ნაკრების და მილანის ლეგენდები შეხვდებიან.
8 აგვისტოს, საფეხბურთო კლუბ მილანის მუზეუმში, მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით სიმბოლური მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას მილანში კლუბის ქართველი ლეგენდა, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და თბილისის მერი კახა კალაძე და სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ.
საქართველოს ნაკრებსა და მილანის ვეტერანების შორის საფეხბურთო მატჩი 21 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.
კახა კალაძე: “მოგესალმებით „მილანის“ მუზეუმიდან. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ 10 წლის განმავლობაში მომეცა საშუალება, ამ გუნდის ღირსება დამეცვა. მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც საკლუბო დონეზე შემეძლო. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, რაც მაშინ ყველა ქართველ გულშემატკივარს უხაროდა.
დღეს ჩემთან ერთად იმყოფება ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და დღეს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „მილანის“ ლეგენდების მატჩის გამართვის თაობაზე – შეხვედრა 21 სექტემბერს თბილისში შედგება.
საზოგადოებას და გულშემატკივარს ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას, რომელი ფეხბურთელი ჩამოვა და ითამაშებს. ეს იქნება ქართველი გულშემატკივრებისთვის ფეხბურთის კიდევ ერთი ზეიმი.
ჩვენს ეროვნულ ნაკრებს კი შემდეგ შეხვედრებში წარმატებები, მინდა, ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ის სიხარული, რაც ბოლო შეხვედრებში ჩვენს გულშემატკივარს აჩუქეს, მომავალშიც გაგრძელდება“.
დავით ნუჯირი: “„ვიმყოფებით „მილანის“ მუზეუმში, რომლის მიერ ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგებაში დიდი წვლილი კახა კალაძეს მიუძღვის. რაც შეეხება „მილანთან“ თამაშს – ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული წელიწადი გვაქვს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვითამაშეთ და გვინდოდა, ქართველი გულშემატკივრისთვის კიდევ ერთი საჩუქარი გაგვეკეთებინა. „მილანის“ გარდა, სხვა კლუბს არც განვიხილავდით, ვისთანაც ქართველმა ფეხბურთელმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია – კახა კალაძემ „მილანის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.
„ვარსკვლავების მიწვევა გვსურდა და 21 სექტებერს „მილანის“ და ქართველი ლეგენდების მატჩი გაიმართება. ჩვენი გუნდის მწვრთნელი ნაკრების ყოფილი წევრი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება. სათამაშოდ კი ყველა იმ ფეხბურთელს მოვიწვევთ, რომლებიც ქართველ გულშემატკივარს წლების განმავლობაში ახარებდა.
შეხვედრას ყველა სათანადო ფორმაში უნდა შეხვდეს, რადგან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. „მილანი“ კი ძალიან ვარსკვლავური შემადგენლობით ჩამოდის. ამჟამად შეგიძლიათ დაგიდასტუროთ, რომ ჩამოდიან კაკა, კაფუ, კოსტაკურტა, რივალდო, ზეედორფი.
ფედერაცია შეეცდება, კიდევ ისეთივე მასპინძლები ვიყოთ, როგორც ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე და ყველა სხვა ღონისძიებაზე. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია თბილისის მერიასთან ერთად ჩვენს ქართველ გულშემატკივარს დაუვიწყარი დღე ვაჩუქოთ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, 7 სექტემბერს ჩვენი ეროვნული ნაკრები დაუბრუნდება ქართველ გულშემატკივარს და ერთა ლიგაზე გამოსვლას თბილისში ჩეხებთან მატჩით დაიწყებს“.
ლაშა თაბაგარი





