ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი აგვისტოში ჩატარდება

0
114

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ყოფილი ნახევარმცველი ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი აგვისტოში ჩატარდება. ამის შესახებ დინამოელთა პრესსამსახური იუწყება:
“23-დან 28 აგვისტოს ჩათვლით თბილისი ვიტალი დარასელიას თასის 2024 წლის გათამაშებას უმასპინძლებს. წლევანდელ ტურნირში მონაწილეობას 16 წლამდე ფეხბურთელთა 6 გუნდი მიიღებს.
დარასელიას თასის არსებობის განმავლობაში პირველად, ყველა მატჩი ბუნებრივსაფარიან მოედნებზე ჩატარდება. საერთაშორისო ტურნირის მატჩები ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრსა და ს.კ “ლოკომოტივის” საგურამოს ბაზაზე ჩატარდება.
ლეგენდარული ვიტალი დარასელიას თასის ბოლო გათამაშება 2023 წელს ჩატარდა და “დინამო თბილისის” გამარჯვებით დასრულდა”.
წელს ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის ორგანიზატორი Sports Orient გახდა. “დინამო თბილისთან” მიღწეული გრძელვადიანი შეთანხმების საფუძველზე, საერთაშორისო ტურნირის საორგანიზაციო, სასპონსორო და მედია უფლებებს მომდევნო 3 წლის განმავლობაში სწორედ Sports Orient განკარგავს.
საერთაშორისო ტურნირს ასევე ეყოლება ელჩი – ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც ჩართული იქნება გუნდებთან და მათ წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში, დაგეგმილი მედია აქტივობების ფარგლებში კი ტურნირის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდული ფეხბურთის ხელშეწყობასა და მსგავსი აქტივობების აუცილებლობაზე ისაუბრებს.
ლაშა თაბაგარი