თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გასული საუკუნის 50–60–იან წლებში თბილისის „დინამოში“ მსოფლიო ფეხბურთის მთელი თანავარსკვლავედი ასპარეზობდა. ავთანდილ ღოღობერიძე, შოთა იამანიძე, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გივი ჩოხელი, მურთაზ ხურცილავა, სერგო კოტრიკაძე, გიორგი სიჭინავა… ეს ბრწყინვალე ფებურთელები პლანეტის ნებისმიერ გუნდსა თუ ნაკრებს დაამშვენებდნენ და მათ თამაშს კიდევ უფრო მიმზიდველსა და სოლიდურს გახდიდნენ. ამ დიდოსტატთა ფონზეც კი ნათელი ტაქტიკური აზროვნების, შეტევის შესანიშნავ ორგანიზატორსა და დამაგვირგვინებელ ფეხბურთელ ვლადიმერ ბარქაიას განსაკუთრებული ადგილი უკავია. „სიომა“ ათიათასობით ქართველი გულშემატკივრის უსაყვარლესი მოთამაშე გახლდათ, მის ინტელექტუალურ, მოხდენილ, უაღრესად ტექნიკურ, შედეგიან ასპარეზობას მაყურებელი აღტაცებაში მოჰყავდა. ვლადიმერ ბარქაიას საასპარეზო სტილისა და ადამიანური თვისებების გამო ქომაგებმა არისტოკრატი შეარქვეს.
საფეხბურთო სპეციალისტთა და გულშემატკივართა დიდ ნაწილს დინამოელთა „ოქროს თაობის“ თავდასხმის ლიდერად, შეტევათა წარმართველად და ორგანიზატორად სწორედ ვლადიმერ ბარქაია მიაჩნდა. 1964 წლის ტრიუმფული სეზონის თბილისის „დინამოს“ დამრიგებელი გავრიილ კაჩალინი ამბობდა, ჩემ ხანგრძლივ საწვრთნელ პრაქტიკაში ვლადიმერ ბარქაია იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომლისთვის თამაშის წინ რაიმე დავალება ან მითითება არასდროს მიმიციაო.
1964 წელს დინამოელთა ჩემპიონობაში ბარქაიამ უდიდესი როლი შეასრულა, მოსკოვის „ტორპედოსთან“ ტაშკენტის გადათამაშების ერთი ეპიზოდი კი ზედმიწევნით ზუსტად ახასიათებს ქართველ ფეხბურთელთა დახვეწილ ტექნიკასა და მაღალ საშემსრულებლო ოსტატობას – იამანიძისა და ბარქაიას დარტყმული ბურთები მეტოქის კარის ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა ძელმა მოიგერია.
ვლადიმერ ბარქაია ერთ–ერთ ინტერვიუში იხსენებდა: „ქართველ ფეხბურთელთა მაშინდელი პლეადა ჩვენი სამშობლოს, საქართველოს გულანთებული პატრიოტები ვიყავით. ჩვენი უმთავრესი მიზანი და ოცნება გულშემატკივრის გახარება გახლდათ, მატერიალური მხარე კი ყოველთვის მეორე პლანზე გვქონდა გადატანილი“.
ბედნიერია ქართველ ქომაგთა თაობა, რომელსაც ვლადიმერ ბარქაიას თამაში უნახავს, ამ სიხარულს მოკლებულ გულშემატკივარს კი „სიომას“ ასპარეზობაზე მცირედ წარმოდგენას ბელგიის „ლა განტუაზთან“ თბილისის „დინამოს“ შეხვედრის ფოტო შეუქმნის – ბარქაიას მიერ მეტოქე გუნდის ერთდროულად 4–5 უკანახაზელთა შებმა და ამ პაექრობაში გამარჯვება ლამის ნორმა გახლდათ.
სიომა ბარქაიას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა…
გოჩა კაჭარავა
