გიორგი წიტაიშვილი მომავალ სეზონს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე „გრანადაში“ გაატარებს. კიევის „დინამო“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ესპანურ კლუბში ერთი სეზონით გაანათხოვრა.
23 წლის ფეხბურთელი გასული წლის ივლისიდან ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა, რომელთან ერთად საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მოიგო, მან 34 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
ის კარიერის განმავლობაში ასევე კიევის „დინამოში“, პოლტავას „ვორსკლაში“, ოდესის „ჩერნომორეცში“, კრაკოვის „ვისლაში“ და პოზნანის „ლეხში“ გამოდიოდა.
წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში 19-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტა. მან ჩვენ ეროვნულ გუნდთან ერთად ევრო 2024-ზე 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.
“ესპანეთში გადასვლით აღფრთოვანებული ვარ. ყველაფერი გავაკეთებ, რომ კარგად ვითამაშო და დავამტკიცო, რომ კონტრაქტი ტყუილად არ გამიფორმებია. საკუთარ თავზე საუბარი არ მსურს. უმჯობესია, სეზონი რომ დაიწყება, თავად იხილოთ, რას წარმოვადგენ. ორივე ფლანგზე თამაში შემიძლია და რასაც მწვრთნელი დამავალებს, იმას გავაკეთებ.
ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება ესპანეთში თამაში იყო, კლუბის პროექტიც მომეწონა. ჩემს მეუღლეს ესპანეთში სახლი აქვს, ჩემი ქალიშვილი აქ დაიბადა და როდესაც „გრანადა“ დამიკავშირდა, გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი არ მიფიქრია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ისტორიული კლუბის ღირსეული წარმომადგენელი გავხდე.
ესპანეთში ჩემი რამდენიმე მეგობარი თამაშობს და ვიცი, ასეთი ტრადიციების მქონე საფეხბურთო ქვეყანაში როგორი მოთხოვნებია. რაც შეეხება კიევის „დინამოს“, არ ვიცი, რატომ არ მომეცა უფრო მეტი სათამაშო დრო. თუმცა, ეს კარიერის განვლილი ნაწილია, მე კი ის მაინტერესებს, რაც ახალ სეზონში მოხდება“ – განაცხადა წიტაიშვილმა პრესკონფერენციაზე.
ლაშა თაბაგარი
