ფერდინანდ ფელდჰოფერი: “სრულყოფილად მზად ვართ”

0
13

თბილისის “დინამოს” ავსტრიელი მთავარი მწვრთნელის ფერდინანდ ფელდჰოფერის აზრით, გუნდი კონფერენს ლიგის პირვლე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩერნოგორიის “მორნართან” დასაპირისპირებლად სრულყოფილად მზადაა. მან ამის შესახებ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე გაანცხადა, რომელსაც დინამოელთა ფრანგი ნახევარმცველი დომინიკ საიმონი დაესწრო.
ფერდინანდ ფელდჰოფერი: “საწვრთნელი პროცესი ძალიან დატვირთული გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. თორნიკე ოქრიაშვილი უკვე 90 წუთის სათამაშოდ მზად არის და საპასუხო შეხვედრის განაცხადში იქნება.
ძალიან ახალგაზრდული გუნდი ვართ. ჩემი აზრით მიმდინარე სეზონში, უეფას შეჯიბრებებზე ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს. ამის დასტური საბა ხარებაშვილის ერთგვარი რეკორდია, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი უეფას ტურნირების ისტორიაში. ვცდილობთ, რომ გამოცდილ და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის კარგი ბალანსი ვიპოვოთ.
წინა მატჩში ყველა ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაში არ იყო, ახლა კი მიმაჩნია, რომ სრულყოფილად მზად ვართ.
მოკლე მონაკვეთში კონცენტრაცია დავკარგეთ და 2 გოლი გავუშვით. ამის ძირითადი მიზეზი სწორედ ახალგაზრდული შემადგენლობა და გამოცდილების ნაკლებობა გახლავთ. წინა მატჩის შემდეგ გუნდი გაიზარდა. ფსიქოლოგიურად როგორც 90 ისე 120 წუთის სათამაშოდ მზად ვართ.
მზად ვართ პენალტების სერიისთვისაც. ჩვენ პენალტებისთვის სუპერთასის ფინალამდეც მოვემზადეთ.
მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ჩვენს უპირატესობაზე თუ ვისაუბრებთ, ბურთის ფლობა ასევე, შეტევასა და დაცვაში ბალანსის პოვნა ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველოში ჩამოსვლამდე, მე “დინამოს” შესახებ ბევრი რამ ვიცოდი. დამიჯერეთ, რომ ევროპაში ეს დიდი სახელია. მიხარია, რომ ამ დიდი გუნდის ნაწილი ვარ და მსურს, მათთან ერთად წარმატებას მივაღწიო.
ლუკა ლოჩოშვილთან ერთად ავსტრიაში “ვოლფსბერგერში” მუშაობა მომიწია. ქართველ ფეხბურთელთან ეს ჩემი პირველი შეხება გახლდათ. მისი ამ დონეზე თამაშით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. მისი მწვრთნელობა ცოტა ხნის განმავლობაში მომიწია, მაგრამ იქამდე საკმაო ხანს ვაკვირდებოდი და “ვოლფსბერგერში” ჩემი გადაწყვეტილებითა და სურვილით მოვიდა. ვიცი მისი ტალანტისა და შესაძლებლობების შესახებ, მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტად მოუმატებს და თავის  კლასს მაღალ დონეზე გამოავლენს. საქართველოს ნაკრები ახლა ძალიან სწორ გზაზე დგას და წარმატებას ვუსურვებ”.
საიმონის თქმით, გუნდში კარგი ატმოსფეროა შექმნილი და შეეცდებიან პირველ მატჩში დაშვებული შეცდომები გაითვალისწინონ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
“დინამო” – “მორნარის” მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა “მიხეილ მესხზე” იმის გამო ტარდება, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენასთვის” ყოველწლიური სერთიფიკატის გამოგზავნა დაგვიანდა, რომლის გარეშე გუნდს ევროთასებზე საშინამო მატჩების ჩატარება ეკრძალება.
ლაშა თაბაგარი