“მორნარის” მწვრთნელი: “დინამო” ფავორიტია”

0
20

ჩერნოგორიის “მორნარის” მთავარ მწვრთნელ ზორან ჯუროშკოვიჩის აზრით, შინ თბილისის “დინამოსთან” 2:1 გამარჯვების მიუხედავად, საპასუხო შეხვედრაში ფავორიტი ქართული გუნდია. მან ამის შესახებ უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისელებთან შეხვედრამდე დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზორან ჯუროშკოვიჩი: “ჩვენ დიდი ტრადიციების გუნდს ვეთამაშეთ. “დინამოსთან” ჩვენი თავის კარგად წარმოჩენა ღირსების საკითხი იყო. თამაშამდე მეტოქე შევისწავლეთ. ვიცოდით როდის უნდა დავლოდებოდით ხიფათს. პირველი 10 წუთი მეტოქემ აგრესიულად დაიწყო და მომენტებიც ჰქონდა. ამის შემდეგ, თამაში გამოვასწორეთ და 2 გოლი გავიტანეთ. შედეგის მიუხედავად, ფავორიტად კვლავ “დინამო” მიმაჩნია.
გუნდი სრული შემადგენლობით არის ჩამოსული, გარდა იმ ფეხბურთელისა, რომელმაც წინა შეხვედრაში წითლი ბარათი მიიღო.
ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებმა გაგვაკვირვა. ასეთი პატარა ქვეყნისთვის მსგავსი შედეგის დაფიქსირება დიდი მიღწევაა. საუკეთესო გუნდი ესპანეთის ნაკრები იყო, რომელშიც ნიკო უილიამსსა და ლამინ იამალს გამოვარჩევდი.
ყოველთვის უსიამოვნოა, როცა ბოლო წუთებზე გოლს უშვებ. ამით ბევრი არაფერი შეცვლილა. კვლავ შევეცდებით, რომ შევუტიოთ, თუმცა ფავორიტ მეტოქესთან 90 წუთი წინ ვერ გავატარებთ.
თუ გუნდურად ვთამაშობთ, კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ. არ გვყავს ისეთი გამორჩეული ფეხბურთელები, როგორც დინამო თბილისს. წინა სეზონში ყველა მოიაზრებდა, რომ ცხრილის ქვედა ნაწილში დავასრულებდით ჩემპიონატს, თუმცა მეორე ადგილზე გავედით”.
“დინამო” – “მორნარის” მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი