სოსო ტყემალაძე: “ასეთი წარმატებული კვირა ქართულ რაგბს არასოდეს ჰქონია”

0
21

გასული კვირა სუპერ-წარმატებული აღმოჩნდა ქართული რაგბისთვის. ჩვენმა გუნდებმა ყველა ასპარეზზე მიაღწიეს სასურველ შედეგს და რამდენიმე ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.
ქართული გუნდების წარმატებას იაპონიაში, სამხრეთ აფრიკასა და უნგრეთში, რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე გამოეხმაურა:
„ასეთი ისტორიული და წარმატებული კვირა ქართულ რაგბს არასდროს ქონია და მინდა მივულოცო მთელ საქართველოს როგორც ეროვნული და 20-წლამდე ნაკრებების, ასევე გოგონების წარმატება. ამ კვირამ ასევე დაგვანახა, რომ ყველა მიმართულებით ვვითარდებით, სწორ გზას ვადგავართ და შედეგებიც მოდის. სისტემა სწორად მუშაობს, ისტორიას ვწერთ და ეს აუცილებლად მოიტანს კიდევ უფრო დიდ შედეგებს.
სწორედ ამის შედეგია ბოლო წლებში ტიერ1-ის გუნდებთან მოპოვებული სამი გამარჯვება. ფიჯისთან თამაშით ყველანი უკმაყოფილო ვიყავით, მაგრამ მწვრთნელებს აუცილებლად უნდა მივცეთ დრო, რათა მათ სრულად წარმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი. სარაგბო საზოგადოება კი უნდა დავაკვირდეთ პროცესებს, ვიმსჯელოთ განვიხილოთ რა არის გამოსასწორებელი, რათა კიდევ უფრო დიდი ტემპებით ვიაროთ წინ.
ყველამ ნახა როგორი თამაშის ხარისხი აჩვენეს ჩვენმა 20-წლამდელებმა ირლანდიასთან, იტალიასთან და ფიჯისთან. მადლობა ამ ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბს ამ სიხარულისთვის. ყველანი ერთად ვხედავთ, რომ ქართულ რაგბს უნიჭიერესი თაობები ეზრდება და ეს აუცილებლად მიგვიყვანს კიდევ უფრო დიდ შედეგებამდე.
ვულოცავ ჩვენ გოგონებს ამ დიდ წარმატებას, რასაც პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, რაგბი ევროპის ჩემპიონატში აღზევება ქვია. მადლობა ჯაბა მალაღურაძეს, სამწვრთნელო შტაბს და გოგონებს, რომლებსაც სჯეროდათ და ბოლომდე იბრძოლეს მიზნის მისაღწევად. გოგონების ელიტაში მოხვედრა დამატებითი მოტივაცია იქნება არა მხოლოდ ქალთა, არამედ მთლიანად ქართული რაგბის განვითარებისთვის და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვისთვის.
მინდა ყველას გავახსენო ჩვენი 18-წლამდელების ჩართვა ექვს ერში, რაც ქართული რაგბისთვის უდიდესი მიღწევაა. ასევე ‘შავი ლომის’ კიდევ ორი წლით ჩართვა ჩელენჯ თასზე, სადაც უკვე ჩავატარეთ რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში და ‘სქარლეთსთან’ ისტორიული გამარჯვებაც მოვიპოვეთ.
მთავარია, რომ მთელი ქართული საზოგადოება, გულშემატკივრები, მთელი ქვეყანა, წაგებისას თუ მოგებისას  ერთად ვიდგეთ და ეს სისტემა აუცილებლად მოგვიტანს შედეგს.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს საქართველოს, გოგონებს, 20-წლამდელებს და ბორჯღალოსნებს ამ საოცარ კვირას და დიდი იმედებით ველოდებით მომდევნო თამაშებს“.