გიორგი მიქაუტაძე კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს, იუწყება L’Equipe. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის თავდამსხმელსა და მონაკოელებს შორის მოლაპარაკება ჩაიშალა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს ყველა დეტალი შეთანხმებული ჰქონდათ და გიორგი მხოლოდ სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო.
ლიონელებმა მიქაუტაძე დაარწმუნეს, რომ მათი მაისური მოერგო. ქართველი ფორვარდი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო მის სანაცვლოდ „მეცი“ 18 მილიონ ევროს მიიღებს. სავარაუდოდ, მიქაუტაძე „ლიონთან“ ხელშეკრულებას დღეს დადებს.
გასულ სეზონში, მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო, რასაც პლეი-აუტში გატანილი ერთი გოლი მიამატა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. გიორგი “მეცის” პირველი მოთამაშეა, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ში გოლი ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა. გარდა ამისა, იგი საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში პირველია, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა და 11 გოლი გაიტანა.
მიქაუტაძემ ზედიზედ 6 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში მანამდე არცერთ ქართველს გაუკეთებია. მიქაუტაძემ ლიგა 1-ში გატანილი გოლების რაოდენობით საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდის გია გურულის (12) მიღწევა გააუმჯობესა. გარდა ამისა, ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში სეზონში 13 გოლი გაიტანა. მანამდე, რეკორდი ხვიჩა კვარაცხელიას (12) ეკუთვნოდა.
მან ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომვარდირი გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გერმანიაში დასრულებულ ტურნირში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მან თავი ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩში გამოიჩინა. ის პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირისთვის განკუთვნილი “ოქროს ბუცი” მოიგო.
მიქაუტაძემ ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ჰარი კეინთან (ინგლისი), კოდი გაკპოსთან (ნიდერლანდები), დანი ოლომოსთან (ესპანეთი), ჯამალ მუსიალასთან (გერმანია) და ივან შრანცთან (სლოვაკეთი) გაიყო.
ჩამოთვლილ ფეხბურთელებს შორის ყველაზე ნაკლები დრო მოედანზე შრანცმა (335 წუთი) და მიქაუტაძემ (347 წუთი) გაატარეს.
მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული და ფეხბურთის თამაში სწორედ ნახსენები კლუბის აკადემიაში დაიწყო, ხოლო შემდეგ “მეცში” გადავიდა, სადაც მისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო.
ლაშა თაბაგარი
