ქუთაისის “ტორპედომ” კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “ტირანასთან” პირველი მატჩი შინ ჩაატარა და სამწუხაროდ ფრეს დასჯერდა. არადა, პირველ ტაიმში სტივ კინის გაწვრთნილი გუნდის შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მასპინძლებს თამაში კომფორტული სხვაობით უნდა მოეგოთ. თუმცა, საბოლოოდ მოვლენები ისე განვითარდა, რომ “ტორპედო” მარცხს გადაურჩა.
ქუთაისელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მე-3 წუთზე თავის საჯარიმოში ცუდად ითამაშა სტუმართა მეკარემ, რომელსაც ბიორნი იონსენმა ბურთი აართვა და პასი ნიკოლა ნინკოვიჩის მისცა, ხოლოს სერბის დარტყმულს ცარიელ კარში მცველი გადაეფარა.
მე-10 წუთზე ნინკოვიჩმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და იონსენის თავურის მერე, ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. მე-20 წუთზე შეტევაში ჩართულმა გიორგი მჭედლიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და მიჩიმ ბურთი თავის კარში ჩაჭრა. 30-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან თანაგუნდელის კარგი დიაგონალური გადაცემის მერე, კარის წინ მდგომმა ელიტონ ჟუნიორმა ბურთი პირდაპირ ალბანელთა გოლკიპერს მოახვედრა.
მეორე ტაიმში მოედანზე ვითარება სრულებით შეიცვალა. “ტორპედო” ხეირიანად ვერ უტევდა, ხოლო ალბანელები მწარედ იჩხვლიტებოდნენ. 68-ე წუთზე მარჯვნიდან ჯაკუს ჩაწოდების შემდეგ, შორეულ ძელთან მყოფი ჰაქსუი ბურთს კარგად ვერ მიწვდა, თორემ ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა. 77-ე წუთზე ფილიპე პირესი მოედნის ცენტრიდან სამ ალბანელს გაექცა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. 81-ე წუთზე “ტორპედოს” კაპიტანმა მერაბ გიგაურმა შორიდან დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. 87-ე წუთზე “ტირანას” კონტრშეტევის დროს ჰაქსუი ქუთაისელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და შორეულ კუთხეში ძალიან ზუსტად დაარტყა – 1:1. ძირითადი დროის დასრულებამდე ბევრი დრო არ რჩებოდა, რომ მიჩიმ თავის საჯარიმოში ორთაბრძოლის დროს იონსენი აშკარად წააქცია, მაგრამ მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე იარმუნიმ თავისი ნახევრიდან გრძელი რეიდი გაანხორციელა და საჯარიმოში შესული ნადარაიას ცრუ მოძრაობით გაცდა, ხოლო მისი დარტყმული კლიაიჩმა ფეხით მოიგერია.
საპასუხო იერიშის დროს იონსენმა ალბანელთა საჯარიმოში თავით დაუგდო ბურთი ჟორჟიონიოს, რომლის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმის მერე, ბურთი სტუმართა მცველის ფეხიდან კუთხურზე გადავიდა. მატჩის ბოლო წუთზე “ტირანას” კუთხურის მერე, პერგიონიმ თავით დაარტყა და ქუთაისელები გოლის გაშვებას გადაურჩნენ. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 17 ივლისს ტირანაში შედგება.
“ტორპედო“ – „ტირანა“ 1:1 (1:0)
11 ივლისი. ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
„ტორპედო“: კლიაიჩი, მჭედლიშვილი (ჟორჟინიო 64), მონტეირო, ნადარაია, შერგელაშვილი, ელიტონ ჟუნიორი, გიგაური (კ), ფელიპე პირესი, ნინკოვიჩი (მანჯგალაძე 64), აურო (ბიძინაშვილი 81). იონსენი.
მთავარი მწვრთნელი: სტივ კინი
„ტირანა“: სელმანი, ისუფი, კოლა, პერგიონი (კ), მიჩი, სოლერი (დემბელე 78), მეტა, იონუზი (ტოლა 78), იაკუ (პრენგაი 78), ჰაქსიუ, ბაიროვიჩი(იარმუნი 64).
მთავარი მწვრთნელი: ბლედი შკემბი.
გოლები: 1:0 მიჩი (20, საკ.კარ.), 1:1 ჰაქსუი (87)
გაფრთხილება: აურო (33), პერგიონი (42), მონტეირო (90).
ლაშა თაბაგარი
