ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პირველი 1/2-ფინალისტი ლუის დე ლა ფუენტეს დამოძღვრილი ესპანეთი აღმოჩნდა, რომელმაც ძალიან დრამატულ ბრძოლაში ტურნირის მასპინძელ გერმანიას დამატები დროში მინიმალური სხვაობით აჯობა. შეხვედრა, რომ უაღრესად დაძაბული იყო, ინგლისელი მთავარი მსაჯის ენტონი ტეილორის ჯიბიდან 17-ჯერ ამოღებული ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მოწმობს. განვლილ შეხვედრა იმითაც გამოირჩა, რომ ლეგენდარული გერმანელი ნახევარმცველისთვის ტონი კროოსისთვის ბოლო აღმოჩნდა, რომელმაც ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებ ჯერ კიდევ ევროპირველობამდე გადაწყვიტა.
პირველმა ტაიმმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი არცერთ კართან შექმნილა. საწყის წუთებში კროოსთან ორთაბრძოლის დროს ესპანელთა ნახევარმცველი პედრი დაშავდა და დანი ოლმომ შეცვალა, რომელმაც საბოლოო ჯამში „ფურია როხას“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
51-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ლამინ იამალმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში გახსნილი ოლმომ მოძებნა, რომელმაც გერმანელთა დაცვის ჩავარდნით ისარგებლა და ერთი შეხებით ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ იულინ ნაგელსმანის გაწვრთნილები უპირატესობას დაეუფლნენ და ჯერ ანდრიხის საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დარტყმული უნაი სიმონმა გაანეიტრალა, ხოლო შემდეგ ხელსაყრელი პოზიციიდან კაი ჰავერცს ვრადნაში კარვახალმა არ გაატანინა. ამის შემდეგ, ანგარიშის გათანაბრება შეცვლაზე შესულ ფიულკრუგს შეეძლო, რომელმაც ესპანელთა საჯარიმოში მცველს დაასწრო და ვარდნაში დაარტყა, მაგრამ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, უნაი სიმონმა საჯარიმოდან ცუდად შეიყვანა თამააში ბურთი, რომელსაც მოწინააღმდეგის ნახევარზე კაი ჰავერცი დაეუფლა და ესპანელთა მეკარეს თავს ზემოთ გადაუგდო, მაგრამ გოლის გასატანად ცოტა დააკლდა.
89-ე წუთზე მიტელშტადტმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი ესპანელების საჯარიმოში, სადაც მყოფმა კიმიხმა თავით პასი ვირცს გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი უნაი სიმონს აუღებლად დაურტყა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი დრო დაინიშნა, რომელშიც ტეილორმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. კერძიდ, გერმანელი ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ, კუკურელიამ თავის საჯარიმოში აშკარად ხელით ითამაშა, მაგრამ ინგლისელმა მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა და არც VAR-ის ოთახიდან მიუთითეს, რომ ეპიზოდი გადაემოწმებინა. 119-ე წუთზე დანი ოლმომ ბურთი გერმანელთა ნახევარზე მიიღო და ძალიან ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში მიკელ მერინოს, რომელმაც თავით გამარჯვების გოლი გაიტანა. როგორც მოსალოდნელი იყო ოლმო მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ესპანეთი ბოლო 5 ევროპის ჩემპიონატიდან ნახევარფინალში მეოთხედ გავიდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიას 10 წელიწადია ესპანეთი არ დაუმარცხებია, ხოლო 2016 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გადის.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთსა და გერმანიას ევროპის ჩემპიონატის ყველაზე მეტჯერ 3-3-ჯერ მოუგიათ.
ლაშა თაბაგარი




