ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ბოლო 1/4-ფინალისტი თურქეთის ეროვნული ნაკრები აღმოჩნდა. ლაიფციგში გამართულ მატჩი ვინჩენცო მონტელას გაწვრთნილი გუნდი რალფ რანგნიკის ავსტრიას დაუპირისპირდა, რომელთან მაანმდე ამხანაგური 1:6 წააგო და ამჯერად, მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
შეხვედრის გმირი თურქების ცენტრალური მცველი დემირალი აღმოჩნდა, რომლის ანგარიში ავსტრიასთან დაპირისპირებამდე სანაკრებო კარიერაში მხოლოდ 2 გოლი იყო, ხოლო ახლა დუბლი მიითვალა. თამაშის პირველ წუთზე არდა გიულერმა კუთხური ჩააწოდა და ჯერ ავსტრიელთა მცველმა, ხოლო შემდეგ მეკარემ ცუდად მოიგერიეს ბურთი, რომელიც კარის წინ მდგომ დემირალს მიუგორდა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გახსნა. მან ევროპის ჩემპიონატების პლეი-ოფების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.
59-ე წუთზე გიულერის მორიგი კუთხურის შემდეგ, დემირალი ყველაზე მაღლა ახტა და თავით თურქების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 66-ე წუთზე ავსტრიელების კუთხურის დროს მოწინააღმდეგი საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა პოშმა მოიგო, ხოლო გრეგორიჩმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა – 1:2. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და თურქეთის ნაკრები 2008 წლის შემდეგ პირველად, ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალშია, სადაც ნიდერლანდებს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





