ვილი სანიოლი: “მათ შესანიშნავად ითამაშეს და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარებს”

0
28

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში საქართველოს ნაკრებმა გელზენკირხენში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს კიოლნში ესპანეთს დაუპირისპირდება.“ფელტინს არენაზე” ჩატარაებული შეხვედრის მერე, ჟურნალისტების კითხვებს ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა. მას პირველი კითხვა “ათიანმა” დაუსვა.
atiani.ge: მაინც რა უთხარით ბიჭებს ასეთი, რომ პორტუგალია დაამარცხეს და 1/8-ფინალში გახვედით?
ვილი სანიოლი: “გულწრფელად რომ გითხრათ, საერთოდ არ მახსოვს, ფეხბურთელებს თამაშამდე რა ვუთხარი. ძირითადი გზავნილი ის იყო, ეთამაშათ ფეხბურთი, დაეცვათ დისციპლინა უბურთოდ და გაეხსენებინათ, როგორ თამაშობდნენ 15-16 წლის ასაკში. მათ შესანიშნავად ითამაშეს და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარებს.
ჩვენ, მწვრთნელები მაინც ორიენტირებული ვართ შეჯიბრებაზე, ჯერ უნდა გავიაზროთ რა გავაკეთეთ. როცა შვებულებაში გავდივართ, მერე ვიაზრებთ რა გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ბევრის თქმა არ შემიძლია. უბრალოდ ვამაყობ ფეხბურთელებით, არა მარტო ამ თამაშის გამო, არამედ წინა ორი შეხვედრის გამოც. ნამდვილად ამაყი ვარ, რომ მათი მწვრთნელი ვარ.
ევროპის ჩემპიონატის წინ ერთადერთი რაც ვთქვით, ის არის, რომ არ გვინდოდა, ტურნირი ისე დაგვეტოვებინა, მერე რაიმე სანანებელი გვქონოდა. ჩვენზე არ არის წნეხი, წნეხი აქვს ინგლისს, ესპანეთს, პორტუგალიას, მათგან ყველა მოგებას ელოდება, მაგრამ არა ჩვენგან. ერთადერთი წნეხი ისაა, რომ გვინდოდა საქართველო გაგვეხარებინა, რაც ფეხბურთელებმა მოახერხეს.”.
ვილი სანიოლი: “როდესაც საქართველოში ჩავედი, განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობდით, ფედერაციამ შთამბჭედავი სამუსაო შეასრულა, შედეგიც მივიღეთ. ფეხბურთელებს არა მარტო მოგება, არამედ კარგი თამაშით მოგება სურთ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. შესაძლოა, ჩვენი სათადარიგო სკამი შთამბეჭდავი არაა, მაგრამ ადამიანური და გუნდურობის თვალსაზრისით, მართლაც გამორჩეულია და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
მაქსიმუმი ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უკვე იყო, მაგრამ ფეხბურთში არასოდეს იცი რა მოხდება. მაგალითად, კიტეიშვილი, რომელსაც ორი კვირა ტრავმა ჰქონდა, მაგრამ დღეს ფანტასტიკურად ითამაშა. “შტურმი” კარგი გუნდია, მაგრამ ასეთი ფეხბურთელი ტოპლიგაში თამაშს უპრობლემოდ იმსახურებს.
მერვედფინალის მეტოქეზე საუბარი არც გვიცდია, მხოლოდ ამ თამაშზე ვიყავით კონცენტრირებული. ესპანეთი ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო იყო, ჩვენთვის დიდი გამოწვევაა მათთან თამაში, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით.
მსაჯმა თამაში რომ დაასრულა, მხოლოდ მაშინ დავიჯერეთ მოგება, რადგან ფეხბურთში ყველაფერი წამებში შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად ჩემპიონთა ლიგის 1999 წლის ფინალი. მოედნის მიღმა უბრალოდ კონცენტრირებული ხარ იმაზე, რასაც ხედავ და რისი შეცვლაც შეიძლება. ხშირად ვამოწმებდით დროს, მაგრამ ბოლოს ემოციებისგან დაცლილი ვიყავით”.
ლაშა თაბაგარი სპეციალურად „ათიანისთვის“ გელზენკირხენიდან
მადლობა მხარდაჭერისთვის სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას