კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე წყალტუბოს “სამგურალმა” ბრაზილიელი თავდამსხმელი რაიან ლუკა დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
“ბრაზილიელ ახალწვეულსა და ,,სამგურალს” შორის კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გაფორმდა.
ტანმაღალი ცენტრფორვარდი (186 სმ.) რაიან ლუკა კორდეირო დე სოუზა ბოლოს ბრაზილიური ,,ფორტალეზას” ფეხბურთელი იყო. თუმცა, 2023 წლის ივლისამდე ბრაზილიური გრანდის ,,ფლამენგოს” რიგებში ირიცხებოდა და ახალგაზრდულ გუნდში თამაშთან ერთად, ძირითად გუნდშიც უწევდა ასპარეზობა.
მას ისეთი ცნობილი ფეხბურთელების მხარდამხარ უთამაშია და უვარჯიშია, როგორებიც ,,ბენფიკასა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი გარემარბი ევერტონი, ,,იუვენტუსის”, ,,ბარსელონას” ,,ბაიერნისა” და ჩილეს ნაკრების ყოფილი ფორვარდი არტურო ვიდალი და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი დავიდ ლუისი იყო.
რაიან ლუკა ,,ფლამენგოსთან” ერთად გახდა ბრაზილიის ,,სერია ა” – ს ვიცეჩემპიონი (2021), ბრაზილიის თასის გამარჯვებული (2022), ბრაზილიის სუპერთასის ორგზის ვერცხლის პრიზიორი (2022, 2023), კარიოკას სერია A-ს (რიო დე ჟაინეროს ჩემპიონატი) გამარჯვებული (2021) და ორგზის ვერცხლის პრიზიორი (2022, 2023).
20 წლამდე გუნდებს შორის ბრაზილიის თასის ვერცხლის პრიზიორი (2022) და კარიოკას (U20) ვიცე ჩემპიონი”.
ლაშა თაბაგარი
