ევრო 2024-ის ჯგუფური ტაპის მე-3 ტურში, F ჯგუფში საქართველოსთან ჩასატარებელი დასკვნითი მატჩის წინ, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა გელზენკირხენის “ფელტინს არენაზე” პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ჟოაო ფელიქსი და ფრანცისკო კონსეისაუც დაესწრნენ.
რობერტო მარტინესი: “საქართველოს ნაკრები ძალიან საინტერესოდ თამაშობს, ჩეხეთთან მოგებაც შეეძლო, თურქეთსაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ეს გადამწყვეტი მატჩია თუ ვინ გავა მერვედფინალში ჯგუფიდან, მაგრამ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი მატჩია.
არ მიყვარს სიტყვა რევოლუცია, ვერ დავარქმევდი ამას შემადგენლობის რევოლუცია. მეკარეების შეცვლა არ მიმაჩნია სწორად, ამიტომ დიოგო კოშტა ითამაშებს, რადგან მეკარე გუნდში ცალკე გუნდია. გუნდში არ არსებობს დაძაბულობა, ყველას სურს სასტარტოში თამაში, მაგრამ ამავდროულად მათ იციან, რომ წვლილი უნდა შეიტანონ არა მარტო თამაშით, არამედ ვარჯიშზე დახარჯვით და მოედანს მიღმა მოქცევით.
მე ვაფასებ მუშაობის სურვილს და დამოკიდებულებად. კრიშტიანუს ძალიან სტაბილური სეზონი ჰქონდა, ყველა მატჩში ითამაშა და შესაძლოა ხვალ სასტარტოში იყოს. მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციის დონე შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, კრიშტიანუ და დიოგო ჟოტა თავიდანვე ითამაშებენ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, 3 მეკარით და 23 ფეხბურთელით ვითამაშებდი, მაგრამ ამის უფლება არ მაქვს.
ასეთ მოკლე ტურნირზე ასაკი მთავარი არ არის. უკვე 24 დღეა ერთად ვართ და მაქვს ყველა ინფორმაცია, რაც საჭიროა. გაბრიელ რამოში, დიოგო ჟოტა და ნუნუ მენდეში 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არიან, მაგრამ მოედანზე გასვლა შეუძლიათ.
გამოცდილებით ვიცი, რომ ასეთ ტურნირზე გასახდელის მართვა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ფეხბურთელს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ასევე გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ მეკარის შეცვლა არ არის კარგი.
ჟოაო ფელიქსი მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ვისურვებდი ყველას თამაშის საშუალება მქონდეს, მაგრამ ძირითადში მხოლოდ 11 მათგანის დაყენება შემიძლია. ახლა, არ მინდა ძირითად შემადგენლობაზე ინფორმაცია მოგაწოდოთ. პლეი-ოფის მეტოქე? ამჟამად მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვარ ფოკუსირებული, რომელიც შესანიშნავი გუნდია. 5 მცველით თამაშობს, მაგრამ ფეხბურთელები ინდივიდუალური მახასიათებლებით გამოირჩევიან.
ჩემი ოცნება? არ მაქვს ოცნების უფლება, არამედ უნდა ვიმუშაო. ოცნება შეუძლიათ ჩვენს გულშემატკივრებს იმ შესანიშნავი თაობის გამო, რომელიც პორტუგალიას ჰყავს, მაგრამ ჩემი ოცნებაა გულშემატკივრების ოცნება ავახდინო.
მგონია, რომ ევრო 2024-ის ფავორიტი არ ჰყავს. რა თქმა უნდა, არიან გუნდები, რომლებსაც უფრო მეტად შეუძლიათ ტურნირის მოგება, მაგრამ ფავორიტებზე საუბარი უადგილოა. პორტუგალიის და იტალიის ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის მოგების კანდიდატებში ნამდვილად შედიან. საერთოდ, იტალიის ნაკრები ასეთ ტურნირებზე თამაშიდან თამაშამდე უმატებს და მწვრთნელიც შესანიშნავი ჰყავს.
გიორგი ქინქლაძე წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელი იყო, მოედანზე ხელოვანი და არტისტი. ეს აჩვენებს ქართული ფეხბურთის მენტალიტეტს, ასეთი ფეხბურთელები ახასიათებს საქართველოს, ახლა ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს, რომელსაც ბურთით მეტოქის დაცვის გარღვევა შეუძლია. ასევე, მეკარე, რომელსაც “ვალენსიაში” ძალიან კარგი სეზონები ჰქონდა.
საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, ბევრი ადამიანი გააოცა, როცა პლეი-ოფში საბერძნეთს აჯობა და სამწუხაროა, რომ წინა მატჩებში მეტი ქულა ვერ მოიპოვა. აღსანიშნავია ის სამუშაო, რომელსაც ვილი სანიოლი ასრულებს. საქართველოს ნაკრებს ბევრი ტალანტი ჰყავს და ბევრი ლეგენდაც ჰყავდა”.
ჟოაო ფელიქსი: “არ არის სიმართლე, რომ მწვრთნელთან კონფლიქტი მაქვს, სხვა შემთხვევაში არ მე არ ვიქნებოდი. ეს არის უპატივცემულობა ჩემის სახელის, ჩემი გუნდის და მწვრთნელის მიმართ.
სათადარიგო სკამზე კლუბებშიც ვყოფილვარ და ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე ასეთ სიტუაციებში, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს. ფეხბურთელი ვარ, გუნდი წევრი და როცა გუნდს დავჭირდები, მაშინ დავეხმარები.
იმედი მაქვს, რომ ხვალ კარგი მატჩი იქნება და გუნდს დავეხმარები. თუმცა არ მინდა, წინასწარ ვილაპარაკო, რადგან არ ვიცი, სასტარტო შემადგენლობაში ვიქნები თუ არა. ვიცით, საქართველოს ნაკრების ძლიერი და სუსტი მხარეები, ვნახეთ ვიდეოები და ანალიზი გავაკეთეთ. საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდია, პატრიოტები არიან, არასდროს ნებდებიან და ბოლო წუთამდე ბრძოლა იქნება“.
ფრანსისკო კონსეიასაუ: “ჩეხეთთან გატანილი გოლი ჩემს კარიერაში გამორჩეული მომენტი იყო, რადგან მან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოგვიტანა. ჩვენი გუნდი მხოლოდ 11 მოთამაშისგან არ შედგება, 26-ნი ვართ. მათ, ვინც შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ერთვებიან, გუნდისთვის ძალიან ბევრი მოაქვთ. ყველა მზად არის იმისთვის, რომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს. ჩვენ მოგება გვსურს, პირველ ყოვლისა, ჩვენი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოვადგენთ. გარდა ამისა, გუნდში ლეგენდები გვყავს და გვინდა მათ ზუსტად ისე დავეხმაროთ, როგორც თვითონ დაგვეხმარნენ. გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების კომბინაცია შორს წაგვიყვანს”.
ლაშა თაბაგარი სპეციალურად „ათიანისთვის“ გელზენკირხენიდან
მადლონა მხარდაჭერისთვის სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის
