ივან ჰაშეკი: “საქართველოს ნაკრები თამაშს არ გახსნის”

0
33

ჩეხეთის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ივან ჰაშეკს მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები თამაშს არ გახსნის. მან ამის შესახებ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მეორე ტურში F ჯგუფში ჰამბურგში საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც ნახევარმცვლი ანტონ ბარაკიც დაესწრო.
ივან ჰაშეკი: “საქართველო-თურქეთის მატჩს ჩვენი წარმომადგენლები დაესწრნენ, გავაკეთეთ ვიდეო ანალიზიც, დეტალურად გავარჩიეთ მათი თამაში. საქართველოს ბოლო წუთამდე ჰქონდა შანსი, მაღალი ხარისხი აჩვენა, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. ორივე გუნდი მაღალ დონეზე იყო, ზოგადად, ძალიან რთულ ჯგუფში ვართ. მხოლოდ კვარაცხელია არ ჰყავთ, შეხედეთ მიქაუტაძეს, მან არა მარტო თურქეთთან გაიტანა გოლი, არამედ საფრანგეთის ჩემპიონატში 13 გოლი გაიტანა. ამიტომ, ქართველ შემტევებს სივრცეები არ უნდა მივცეთ.
გამოვარჩევდი ჩაკვეტაძესაც, რომელიც მოედნის კარგი ხედვით გამოირჩევა, კარგად გადადიან კონტრშეტევებზე, შესაბამისად, საჭიროა ყოველთვის ვიყოთ კონცენტრირებული, ხელი შევუშალოთ. თავდაცვით ფაზაშიც ძლიერი გუნდია, ნახევარდაცვაში სივრცეებს არ ხსნიან და რთულია მის წინააღმდეგ შეტევა.
მიხარია, რომ ტომაშ სოუჩეკმა სრული დატვირთვით ივარჯიშა. ის ჩვენს გუნდს არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც წარმოადგენს. ნამდვილი კაპიტანია და თამაშისთვის მზადაა.
საქართველოს ნაკრებისგან თამაშის გახსნას არ ველოდები. მიუხედავად იმისა, რომ ჰყავთ 3-4 ძალიან კარგი შემტევი ფეხბურთელი, არ ველოდები, რომ მხოლოდ შეტევაში ითამაშებენ. ჩვენ ვიცით, რომ ამ მატჩში წაგების უფლება არ გვაქვს. ვილი სანიოლს ვიცნობ, წლების წინ გვინდოდა ჩვენთან ემუშავა. მასთან არ მისაუბრია, ის ფრანგული სკოლის წარმომადგენელია და ძალიან კარგი მწვრთნელია.
პორტუგალიასთან ბურთის ფლობა გვაკლდა, დიდი პრესინგის ქვეშ გვიწევდა თამაში და ამიტომ, სულ დაცვაში ვიდექით, შემდეგ კი, შეტევისთვის ძალა აღარ გვრჩებოდა. ფეხბურთელებს ძალიან ბევრი სირბილი მოუწიათ და ენერგია არ დარჩათ, რის გამოც შეტევა გაგვიჭირდა. ხვალ განსხვავებული თამაში იქნება, გვინდა შემტევი ფეხბურთის ჩვენება და გვსურს ვიყოთ სახიფათონი.
პორტუგალიასთან ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გააკეთა მოგებისთვის, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა. პირველ შეხვედრაში შეტევაში თამაში ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ამჯერად ეს უნდა შევძლოთ. რაც შეეხება შემადგენლობას, გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ ვერ გეტყვით მეტს. სასტარტოში ცვლილებები შეიძლება იყოს.
როდესაც მოედანი სველია, ამ ახალი სტილის ბურთით თამაში უფრო სწრაფი ხდება. ეს ამარტივებს შორეულ დარტყმებსაც, რაზეც ვვარჯიშობდით. მამარდაშვილი ძალიან ძლიერი მეკარეა ლა ლიგიდან, მაგრამ შეგვიძლია მისთვის შორიდან გოლის გატანა“.
ანტონ ბარაკი: “კვარაცხელია დიდი ვარსკვლავია, გასულ სეზონში მისი დამსახურება იყო „ნაპოლის“ ჩემპიონობა და ერთ-ერთი გამორჩეულია. ეროვნულ ნაკრებში მას ცოტა განსხვავებული როლი აქვს, ნაკლებად იღებს დახმარებას თანაგუნდელებისგან, მაგრამ საქართველოს სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვარაცხელიაზე საუბრობს. სხვებიც არ უნდა დავივიწყოთ, კარგი თავდამსხმელები ჰყავთ, რომლებმაც იციან მომენტების შექმნა და კონტრშეტევებზე გადასვლა.
ჩემი აზრით, კარგია, რომ მატჩის წინ ბაზაზე ვივარჯიშეთ და არა ჰამბურგში, როგორც ვიცი, საქართველოც ასე მოიქცა. ეს კარგია, რადგან მოედნის საფარი უფრო მზად იქნება თამაშისთვის. რაც შეეხება ბურთს, ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონს, პირიქით, მაგრამ შეჩვევა სჭირდება. ძალიან მსუბუქი ბურთია, უცნაური მაჩვენებლები აქვს და შორი მანძილიდან გოლების სიმრავლეც ამას უკავშირდება.
ჩვენ ინდივიდუალურად ძლიერები ვართ, მაგრამ პირველ ყოვლისა, ძლიერები გუნდურად ვართ, ერთმანეთს ვეხმარებით. ფეხბურთმა მე ყველაფერი მომცა, ამიტომ, რთულ მატჩებში თამაში უფრო მსიამოვნებს, ვიდრე ამხანაგურ შეხვედრებში. დიდ მატჩებში მონაწილეობა მირჩევნია, როცა შემიძლია მაქსიმუმი ვაჩვენო.
საქართველო პორტუგალიისგან აბსოლუტურად განსხვავებული ნაკრებია. ჩვენი სტილით თამაში გვსურს, შემტევი ფეხბურთის ჩვენება. იმედი გვაქვს, რომ მოვიგებთ კარგი ფეხბურთით, თუმცა დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ.
საქართველოს დებიუტი ჰქონდა, რაც ძალიან რთულია, როცა ასეთ ტურნირზე ხარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მსგავსი რანგის ტურნირისთვის ყველა გუნდი მზადაა. არ ვიცი, ხვალ ვითამაშებ თუ არა, მაგრამ თუ ასე იქნება, ვეცდები პატრიკ შიკს დავეხმარო გოლის გატანაში და ისიც დამეხმარება“.
ლაშა თაბაგარი სპეციალურად “ათიანისთვის” ჰამბურგიდან
მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთან ასოციაციას მხარდაწერისთვის