მამადუ სახო: “ჩემთვის ფინანსური მხარე მეორეხარისხოვანია”

0
9

ქუთაისის “ტორპედომ” გუნდის ახალწვეული საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი 34 წლის მამადუ სახო წარადგინა, რომელმაც დღეს კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა და 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მამადუ სახო: “ჩემთვის ეს ძალიან ემოციური მომენტია. 13 წლის ასაკში მამა დავკარგე. ბავშვობის წლები ქუჩაში, სიცივეში გავატარე. არაერთი დაბრკოლების გადალახვა მომიწია.
დღევანდელ დღემდე ასე მოვედი… ვფიქრობ, რომ ჩემი ჩართულობა ახალგაზრდების ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. მე მათთვის ბევრი მაქვს სათქმელი.
დღეს ჩემი შვილიც აქ არის, ჩემთან ერთად. ჩემთვის ფინანსური მხარე მეორეხარისხოვანია. მთავარი, რის გამოც საქართველოში ჩამოვედი, ის ამბიციებია, რომელიც ამ კლუბს აქვს და ის ჩართულობაა, რომელიც ახალგაზრდების ცხოვრებაში მექნება. მე აქ იდეის გამო ვარ.
კლუბის პრეზიდენტთან, გენერალურ დირექტორთან და მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ “ტორპედოს” დიდი ამბიციები აქვს, რაც ძალიან მომეწონა.
ფეხბურთის მეშვეობით ახალი ქვეყნისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობა გაქვს. ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა ახალი გამოწვევაა და გახარებული ვარ. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო იქნება, რადგან საკმაოდ ამბიციურ კლუბში მოვედი. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო.
კარიერის განმავლობაში მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ასე იქნება ახლაც. გულშემატკივარს მოვუწოდებ ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდნენ, რადგან მათი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”.
კომენტარი „ტორპედოს“ შოტლანდიელმა მწვრთნელმა, სტივ კინმაც გააკეთა:
„მამადუ სახო „პარი სენ-ჟერმენის“ ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი იყო, უთამაშია „ლივერპულსა“ და საფრანგეთის ნაკრებში. მასში ყველაზე მეტად თავმდაბლობა მომეწონა. თავიდან ამ ტრანსფერის შანსი მცირე იყო, მაგრამ საბოლოო შეთანხმება მაინც მოხერხდა და მიხარია, რომ მამადუ ჩვენი პროექტის ნაწილი გახდა“.

ლაშა თაბაგარი