ვილი სანიოლი: “ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა სამომავლოდ ახალი წარმატებებისკენ გვიბიძგებს”

0
58

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უეფას ვებგვერდთან ინტერვიუში მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატსა და ტურნირამდე საქართველოს მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბოლო წლებში გუნდში ბევრი რამ შეიცვალა და დღეს, საქართველოს ნაკრები მზადაა, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ თავისი მაქსიმუმი გააკეთოს.
„როდესაც ამ პოზიციაზე მუშაობა დავიწყე, რთული პერიოდი იყო, რადგან კორონავირუსის პანდემია მძვინვარებდა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან პლეი-ოფში ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა. ამიტომ, ამ დიდი იმედგაცრუების შემდეგ, თავიდან დავიწყეთ შენება. ყველაფერს დრო დასჭირდა. სიტუაციის შეცვლა მოგვიხდა, რომ უფრო მეტ შესაბამისობაში ვყოფილიყავით მაღალი დონის მოთხოვნებთან. ამ მხრივ, მოთამაშეებმა თავი შესანიშნავად გაართვეს. მათ 2-3 წლის განმავლობაში მუშაობით ბევრი რამ შეცვალეს. ზოგმა სრულებით შეიცვალა საკუთარი მიდგომა ფეხბურთისადმი. ჩვენ ერთად, რაღაც მნიშვნელოვანს მივაღწიეთ და მოთამაშეები ამას მაშინ გაიაზრებენ, როდესაც თავიანთ ოჯახებსა და მეგობრებს – ჩვეულებრივი ცხოვრებას დაუბრუნდებიან.
რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს გამარჯვება უნდა განვიხილოთ, როგორც ფედერაციის დიდი დამსახურება. ეს არ არის ყველაზე მსხვილი ფედერაცია ევროპაში, თუმცა, ის ცდილობს, დაუღალავად იმუშაოს და საქმე კარგად გააკეთოს – ის ახალგაზრდებს პროგრესის მიღწევაში ეხმარება. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა ფედერაციას და ქართველ ხალხს მისცემს გამოცდილებას, რომელიც მომავალში ახალი წარმატებებისკენ გვიბიძგებს. მიზანი უცვლელია და ის იმაში მდგომარეობს, რომ ამ შესანიშნავი ჩემპიონატის განმავლობაში ჩვენ ყველამ – ფეხბურთელებმა, პერსონალმა და ფედერაციამ მივიღოთ გამოცდილება“, – ამბობს ვილი სანიოლი.
სანიოლმა F ჯგუფის შესახებაც ისაუბრა, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოსთან ერთად თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია არიან.
„ეს ძალიან რთული ჯგუფია, რადგან პორტუგალია ევროპის ერთ-ერთი დიდი გუნდია. თურქეთმა გასულ წლებში შესანიშნავ პროგრესს მიაღწია გუნდში ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები მიყვანით. რაც შეეხება ჩეხეთს, მთელი საფეხბურთო ისტორიის განმავლობაში მას შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავდა და ბევრ ტურნირში მონაწილეობდა. და ბოლოს, საქართველო. ის გარკვეულწილად, მოულოდნელი სტუმარია, რომელიც შეუმჩნევლად მოხვდა ამ ტურნირზე. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პორტუგალიის, ჩეხეთისა თუ თურქეთის წინააღმდეგ, მაქსიმალურს გავაკეთებთ“, – ამბობს სანიოლი.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული გუნდი 18 ივნისს თურქეთს, 22 ივნისს ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.