საქართველოს ნაკრების წარმატებული რეპეტიცია ევროპირველობამდე

0
34

საქართველოს ნაკრებმა გერმანიაში გასამართ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატამდე ბოლომ ამხანაგური მატჩი სტუმრად ჩერნოგორიასთან ჩაატარა და ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა.
ჩვენი გუნდი არსებობის ისტორიაში ჩერნოგორიას მესამედ დაუპირისპირდა. მსოფლიო 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თბილისში გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, ხოლო პოდგორიცაში მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს., მაშინ, საქართველოს ნაკრებს არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.
ვილი სანიოლმა გუნდი სამი ცენტრალური მცველით ათამაშა, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი. გველესიანმა კარიერაში ეროვნულ გუნდში პირველად ითამაშა. დაცვის მარჯვენა ფლოანგზე ოთარ კაკაბაძე იყო, მარცხენაზე – ტრავმამოშუშებული ლევან შენგელია. საყრდენ ნახევარმველებად ოთარ კიტეიშვილმა და გიორგი ქოჩორაშვილმა ითამაშეს, ხოლო მათ წინ გიორგი ჩაკვეტაძე მოქმედებდა. ფრანგმა მწვრთნელმა თავდასხმაში ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე დააყენა.
მე-9 წუთზე ჩაკვეტაძემ კუთხური ჩააწოდა და ჩერნოგორიელი მცველის მოგერიებული ბურთი შეუჩერებლად მიქაუტაძემ სახიფათოდ დაარტყა – მაიტოვიჩმა მასპინძლები გადაარჩინა და შემდეგ დამატებაზე მყოფ გველესიანსაც არ გაატანინა. თუმცა, კუთხური დაინიშნა, რომელიც ისევ ჩაკვეტაძემ შეასრულა და გველესიანმა მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო. ხოლო კიტეიშვილმა ბურთი მიწაზე დაუშვებლად ანგარიში გახსნა – 0:1.
მე-14 წუთზე ჩაკვეტაძის კარგი პასის მერე მასპინძლების საჯარიმოში შეჭრილმა კვარაცხელიამ დაარტყა და მიატოვიჩმა აუღო. 29-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და ბურთი მიზანს მცირე მანძილით აცდა.
33-ე წუთზე კვარაცხელია მეტოქის ნახევარზე ერთ მცველს გაცდადა საუცხოო გადაცემით მეკარესთან პირისპირ მიქაუტაძე დატოვა, რომელმაც წინ გამოსულ მიატოვიჩს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 0:2. ტაიმის მიწურულს კრსტოვიჩმა შორი მანძილიდან სახიფათოდ დაარტყა და მამარდაშვილმა ნახტომში რთული ბურთი მოიგერია.
მეორე ტაიმის დასაწყისში კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო – ფეხის უკანა კუნთი დაეჭიმა და ნიკა კვეკვესკირმა შეცვალა. 56-ე წუთზე შენგელიას კარგი პასის შემდეგ კვარაცხელიამ მცველს დაასწრო და საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა მახვილი კუთხიდან დაარტყა – მიატოვიჩმა ბურთი მოიგერია. ამ ეპიზოდში კვარაცხელიას შეეძლო პაი უფრო ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი მიქაუტაძისთვის გაეკეთებინა.
61-ე წუთზე იოვეტიჩის ზუსტი გადაცემის მერე, ოსმანჯიჩმა ახლო მანძილიდან დაარტყა და მამარდაშვილმა ჩვენი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
66-ე წუთზე იოვეტიჩმა „კედელი“ მუგოშასთან გაითამასა და სტუმრების საჯარიმოში ოდნავ შესულმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:2.
69-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შეტევის დროს სანდრო ალთუნაშვილმა გამოზომილი გადაცემით მიატოვიჩს შეატოვა მიქაუტაძე, რომლის დარტყმული ჩერნოგორიელთა მეკარემ მოიგერია.
83-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილის ძალიან კარგი პასის მერე, მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ზურიკო დავითაშვილმა მცველმა წააქცია, მაგრამ ბურთს ბუდუ ზივზივაძე დაეუფლა და კარში ზუსტად გაგზავნა – 1:3. შეხვედრის ბოლოს ბალკანელთა საჯარიმოში დავითაშვილი მცველს გაექცა და მეკარისთვის ბურთის თავს ზემოთ გადაგდება მოინდომა, მაგრამ უშედეგოდ. არადა, იქვე ზივზივაძე იყო გახსნილი და მისთვის პასის გაკეთება შეეძლო. ამ ეპიზოდან მცირე ხანში იოვეტიჩმა ჩვენს საჯარიმოში ერთ ფეხბურთელს გვერდი აუარა და სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ იოვეტიჩი შორი მანძილიდან დაემუქრა საქართველოს ნაკრების კარს, თუმცა ისევ უშედეგოდ.
საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 18 ივნისს დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატის ეგიდით თურქეთთან ჩაატარებს.
ჩერნოგორია – საქართველო  1:3 (0:2)
9
ივნისი. პოდგორიცა. სტადიონი „პოდ გორიცემ’.
ჩერნოგორია:
მიატოვიჩი, მარკო ვუკჩევიჩი, დრეშკოვიჩი (ვუიაჯიჩი, 74), რუბეჟიჩი, ანდრია ვუკჩევიჩი, ვესოვიჩი (ოსმაჯიჩი, 59), მარკო ბაკიჩი (სავიჩევიჩი, 74), კუჩი (იოვოვიჩი, 46), იანკოვიჩი, მუგოშა (კ) (დუშან ბაკიჩი, 74), კრსტოვიჩი (იოვეტიჩი, 46).
მთავარი მწვრთნელი:
რობერტ პროსინეჩკი.
საქართველო: მამარდაშვილი, გველესიანი, კაშია (კ), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი, 81), კიტეიშვილი, შენგელია (წიტაიშვილი, 67), ჩაკვეტაძე (ალთუნაშვილი, 66), კვარაცხელია (დავითაშვილი, 80), მიქაუტაძე (ზივზივაძე, 81).
მთავარი მწვრთნელი:
ვილი სანიოლი.
გოლი: 0:1 კიტეიშვილი (10), 0:2 მიქაუტაძე (33), 1:2 იოვეტიჩი (66), 1:3 ზივზივაძე (83).
გაფრთხილება: ვუკჩევიჩი (28)
ლაშა თაბაგარი