საქართველოს ეროვნული ნაკრების ავსტრიული შეკრება სრულდება. 7 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა გაინბერგში კიდევ ერთი ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საერთო ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშია სოლომონ კვერკველიას, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
8 ივნისს, საქართველოს ნაკრები გაინბერგში ბოლო ვარჯიშს გამართავს, რის შემდეგაც პოდგორიცაში გაემგზავრება, სადაც მონტენეგროსთან გამართავს ამხანაგურ შეხვედრას. მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ავსტრიაში შეკრების და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა:
“რამდენიმე ფეხბურთელს საკმაოდ გრძელი საკლუბო სეზონი გამოუვიდა და მოგვიანებით შემოგვიერთდნენ, ნაწილმა კი ნაადრევად დავასრულეთ ჩემპიონატი. თუმცა, ჩვენც, ვისაც შედარებით ადრე დაგვიმთავრდა სეზონი, შეკრების პირველივე დღიდან კონცენტრირებულად ვემზადებით. ვფიქრობ, აღვიდგინეთ კონდიციები და სასურველ ფორმას მივუახლოვდით. მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი დაგვეხმარება ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად და ევროპის ჩემპიონატს კარგ კონდიციებში შევხვდებით.
შედეგებიდან გამომდინარე კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ. წარმატებული სეზონი მქონდა კლუბში და განსაკუთრებით ნაკრებში. ახლა, იქ ვართ, სადაც ბავშვობიდან ვოცნებობდით მოხვედრას. ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოცდილებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დაასრულებ კარიერას, გადახედავ შენს წარსულს და ევროპის ჩემპიონატზე გექნება ნათამაშები.
ფეხბურთელებს ყოველთვის მაქსიმუმი გვინდა. ევროპის ჩემპიონატზე თითოეული თამაშის მოსაგებად გავალთ. მინდორზე გამოჩნდება ვინ იქნება უკეთ მომზადებული”.
