საქართველოს ეროვნული ნაკრების ავსტრიული შეკრება სრულდება. 7 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა გაინბერგში კიდევ ერთი ვარჯიში ჩაატარა.
ვარჯიშზე საქართველოს ნაკრებს გერმანიაში ქართველების მიერ დაფუძნებული კლუბი, ჯორჯია მიუნხენი ესტუმრა, რომელიც ბავარიის რეგიონალური ლიგის 2023/24 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა. სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა სტუმრებს ნაკრების ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი მაისური გადასცა და კლუბი სრული შემადგენლობით ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩზე მიიწვია.
ავსტრიული შეკრება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა შეაჯამა:
“ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტურნირისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, საჭირო იყო იმ ტვირთის და სიმძიმის მოხსნა, რაც წლების განმავლობაში გვქონდა. ფეხბურთელებმა ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარეს საკლუბო დონეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ გუნდის ყველაზე დიდი და მთავარი გამარჯვება არის ერთიანობა. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს ერთიანობა ჩანს ყოველდღიურ მომზადებაში. ამას ვგრძნობთ. ჩანს როგორც კარგ, ისე რთული პერიოდებში. ბიჭები სულ ერთად არიან და მათი სურვილია, რომ ჩვენ ქვეყანას მოუტანონ წარმატება და სიხარული. თუმცა, მთავარი მიზნები ახლა იწყება. ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ერთიანობა და სწორედ ამას ემსახურებოდა ავსტრიული შეკრება.
ძალიან მნიშვნელოვანია მონტენეგროში ამხანაგური თამაში. ბოლო შესაძლებლობაა, რომ შევაფასოთ ჩვენი თავი. ამის შემდეგ, მთელი კონცენტრაცია გადავა ევროპის ჩემპიონატზე და თურქეთთან მატჩისთვის სამზადისზე”.
