მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის აზრით, წარმატების მისაღწევად მხოლოდ ფეხბურთელთა მაღალი სათამაშო დონე საკმარისი არაა და ასევე, კოლექტივიც ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული. მან ამის შესახებ ლონდონში „უემბლიზე“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორმუნდის „ბორუსიასთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ყველა ფიქრობდა, რომ ეს მატჩი აუცილენლად უნდა მოგვეგო. თუმცა, ჩვენ შესაძლოა დავმარცხებულიყავით, რადგან „ბორუსიამ“ ძალიან ღირსეულად ითამაშა და საკმაოდ გაგვიჭირდა. საბედნიეროდ, ჩვენი თამაში ვიპოვეთ და წარმატებასაც მივაღწიეთ.
მომავალ სეზონში შემადგენლობაში მორიგი ცვლილებები გველოდება. თუმცა, საჭირო ბალანსს ვიპოვით, რაც ადვილი არ იქნება ისეთი ფეხბურთელის წასვლის გამო როგორიც ტონი კროოსია.
განვლილ სეზონში ტრავმების გამო არაერთი პრობლემა გვქონდა და ამან კიდევ უფრო დაგვაახლოვა. არა მხოლოდ მაღალი სათამაშო დონეა საჭირო, არამედ, ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი. ორიდან ერთი არასაკმარისია“ – იუწყება ესპანური პრესა იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს, რომელმაც მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო და თავისი რეკორდი გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაში/ ჩემპიონთა თასი მეთხუთმეტედ გაიმარჯვა.
ლაშა თაბაგარი
