კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მეორე სათამაშო დღე წყალტუბოში გამართული მატჩით დაიწყო, სადაც ადგილობრივმა „სამგურალმა“ მცირერიცხოვანი ქომაგების თვალწინ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და იმავე ანგარიშით დამარცხდა როგორც პირველ წრეში.
შესვენებამდე ტაბლოზე ნულოვანი ანგარიში იყო. მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში მეტოქის ნახევარზე მყოფმა ბრაზილიელმა ელიტონ ჟუნიორმა საჯარიმოში მერაბ გიგაური მოძებნა, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – 0:1. 61-ე წუთზე ბრაზილიელი ფელიპე ჟუნიორი მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიოდან შეიჭრა და პასი ჟორჟინიოს მისცა, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული მეკარე ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია, მაგრამ ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა ზუსტად დაამატა – 0:2. იონსენი 10 ბურთი ჩემპიონატის საუკეთესო ბომარდირთა დავაში ისევ დაწინაურდა. 74-ე წუთზე ქუთაისელთა მცველმა თავის საჯარიმოში მეტოქეს მაისურზე მოქაჩა და მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი ფანცულაიამ გაიტანა. 83-ე წუთზე სერბმა ნიკოლა ნინკოვიჩმა კონტრშეტევა თავისი ნახევრიდან დაიწყო და „სამგურალის“ საჯარიმოსთან მიახლოებულმა ბურთი გიორგი არაბიძეს გადააწოდა, რომელმაც მახვილგონივრული გადაცემით მეკარეს შეატოვა ნინკოვიჩი, ამ უკანასკნელმა კი საბოლოო წერტილი დასვა – 1:3.
შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილ „ტორპედოს’ ზედიზედ 12 თამაშია არ წაუგია (7 გამარჯვება და 5 ფრე) და 32 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ 16 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
სამგურალი 1:3 ტორპედო
ლაშა თაბაგარი
