„ატლანტა იუნაიტედი“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, MLS-ის მე-14 ტურში სტუმრად „ნეშვილთან“ 1:1 ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებმა ანგარიში მე-40 წუთზე პენალტიდან გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 55-ე წუთზე გაიტანეს. „ატლანტა იუნაიტედს“ ზედიზედ სამი თამაშია არ მოუგია (2 ფრე და 1 წაგება) და 13 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-40 ტურში „ლევანტე“ გასვლაზე „ელდენსეს“ დაუპირისპირდა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. სტუმართა სასტარტოში ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ითამაშა, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს. „ლევანტე“ 57 ქულით 22 გუნდში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
