ზურიკო დავითაშვილისთვის „პოსთან“ მატჩი 2023-2024 წლების სეზონში საუკეთესო აღმოჩნდა. ბოლო 38-ე დასკვნით ტურში „ბორდომ“ მეტოქე 3:2 დაამარცხა და განვლილი შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის ბენეფისი შედგა.
მატჩის მე-7 წუთზე დავითაშვილის გადაცემის შემდეგ, ვაისბეკმა საჯარიმოს გარედან დარტყმით ანგარიში გახსნა. მე-16 წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა დავითაშვილმა ზუსტი პასი ლივოლანტს გაუკეთაა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 2:0. 51-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:1 იყო, ლივოლანტმა „პოს“ საჯარიმოში გახსნილი ქართველი ფეხბურთელი მოძებნა, რომლისთვის გოლის გასატანად ბურთზე ერთი შეხება საკმარისი აღმოჩნდა – 3:1.მისი თამაშიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. „პომ“ მეორე გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაიტანა.
დავითაშვილმა განვლილ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. მან თასზე ერთხელ ითამაშა და თავის ანგარიშზე 1 საგოლე პასი ჩაიწერა. „ბორდომ“ 50 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი
