მიქაუტაძის მე-13 გოლი სეზონში

0
52

გიორგი მიქაუტაძემ ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი მე-13 გოლი გაიტანა. 33-ე ტურში „მეცი“ სტუმრად „სტრასბურგს“ შეხვდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის კარგი თამაშის მიუხედავად, ბოლო წუთებში უქულოდ დარჩა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 54-ე წუთზე მიქაუტაძემ ბურთი დიალოსგან მიიღო, ერთ მცველ გაცდა და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:1. 71-ე წუთზე მიქაუტაძე ბურთს თავის ნახევარზე დაეუფლა და გრძელის რეიდის დროს ორ მცველს გაექცა, ხოლო საჯარიმოში შესულმა კარში დაარტყა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. მასპინძლებმა ანგარიში 89-ე წუთზე გაათანაბრეს, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანეს – 2:1. 23 წლის მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ჩატარებულ 19 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. გიორგი “მეცის” პირველი მოთამაშეა, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ში გოლი ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა. გარდა ამისა, იგი საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში პირველია, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა და 11 გოლი გაიტანა.
მიქაუტაძემ ზედიზედ 6 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში მანამდე არცერთ ქართველს გაუკეთებია. მიქაუტაძემ ლიგა 1-ში გატანილი გოლების რაოდენობით საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდის გია გურულის (12) მიღწევა გააუმჯობესა. გარდა ამისა, ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში სეზონსი 13 გოლი გაიტანა. მანამდე, რეკორდი ხვიჩა კვარაცხელიას (12) ეკუთვნოდა.
„მეცი“ 29 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი