„რეალის“ 36-ე საჩემპიონო ტიტული, „ჟირონა“ ჩემპიონთა ლიგაში პირველად ითამაშებს

0
6

მადრიდის „რეალმა“ არსებობის ისტორიაში ესპანეთის ლა ლიგა 36-ედ მოიგო. 34-ე ტურში იტალიელი კარლო ანჩელოტის გაწვრთნილებმა შინ „კადისი“ 3:0 დაამარცხეს და გამომდინარე იქიდან, რომ „ბარსელონამ“ სტუმრად „ჟირონასთან“ 2:4 წააგო, მადრიდელები ჩემპიონები 4 ტურით ადრე გახდნენ.
„რეალმა“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის გარდა, ესპანეთის სუპერთასი მოიპოვა და პლუს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალშია. „რეალი“ 36 ჩემპიონობის საპირისპიროდ, „ბარსელონას“ 27 ტიტული აქვს.
ანჩელოტიმ კარიერის მანძილზე 28 ტიტული მოიპოვა, ხოლო „რეალთან“ ერთად – 12. იტალიელმა ლა ლიგა 64 წლის ასაკში მოიგო რაც რეკორდია, მან თავისი მიღწევა გააუმჯობესა, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატში „რეალთან“ ერთად 62 წლის ასაკში გაიმარჯვა.
ხორვატი ლუკა მოდრიჩი 38 წლის და 238 დღის ასაკში „რეალის“ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ლა ლიგაში უთამაშია. მან ლეგენდარული უნგრელი ფერენც პუშკაშის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც „სამეფო კლუბში“ 38 წლის და 233 დღისამ ითამაშა – 1965 წელს. მოდრიჩმა „რეალში“ 25 ჯილდო მოიგო და ამ მიღწევით როგორც ბრაზილიელი მარსელოს, ასევე ფრანგი ქარიმ ბენზემას რეკორდი გაიმეორა.
„ჟირონა“ არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს. ჟირონელები ლა ლიგაში მხოლოდ მეოთხე სეზონს ატარებენ. „ბარსელონას“ რაც შეეხება, ხავის გუნდი მიმდინარე სეზონში ტიტულის გარეშე დარჩება.
ლაშა თაბაგარი