ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში მიუნხენის “ბაიერნმა” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და დაძაბული, ამასთანავე სანახაოებრივი მატჩი ფრედ დასრულდა. პირველი ტაიმის 24-ე წუთზე რონი კროოსმა საუცხოო გადაცემა გაუკეთა მასპინძლების საჯარიმოში გახსნილ ვინისიუს ჟუნიორს, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1. მეორე ტაიმის დასაწყისში თავად კროოს შეეძლო გატანა, მაგრამ მის მიერ სახიფათოდ დარტყმული ბურთი მანუელ ნოიერმა ნახტომში მოიგერია.
53-ე წუთზე ლეროი სანემ გაიბრწყინა, როდესაც ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიწია, ხოლო მას მერე რაც ორ მეტოქეს გაცდა, ლუნინს ახლო კუთხეში გაუტანა – 1:1. 57-ე წუთზე ვასკესმა თავის საჯარიმოში მუსიალა წააქცია, მსაჯის დანიშნული პენალტი კი, გოლად კეინმა აქცია. 83-ე წუთზე კიმ მინჯაე “ბაიერნის” საჯარიმოში როდრიგოს ეუხეშა, რის შემდეგ, არბიტრმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. ვინისიუსმა პენალტი ზუსტად შეასრულა – 2:2. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
“რეალი” “ბაიერნთან” ზედიზედ 8 მატჩია არ აგებს – 6 გამარჯვება და 2 ფრე. ანჩელოტი სამწვრთნელო კარიერის დროს “ბაიერნთან” არასოდეს დამარცხებულა – 6 მოგება და 3 ფრე. ანჩელოტი ბავარიელებს “მილანისა” და “რეალის” თავკაცის რანგში დაპირისპირებია.
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო შეხვედრაში “რეალი” “ბაიერნს” 8 მაისს უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი





