მამარდაშვილის პირველი “წითელი” ლა ლიგაში – “ვალენსიამ” ლევანდოვსკი ვერ შეაჩერა

0
28

ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში “ვალენსია” სტუმრად “ბარსელონას” დაუპირისპირდა და ბრძოლაში დამარცხდა. მატჩის მე-19 წუთზე გიორგი მამარდაშვილმა თავისი საჯარიმოდან გრძელი გადაცემით  “ბარსელონას” მეკარე ტერ შტეგენთან პირისპირ პეტერი გაიყვანა, რომელმაც გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.22-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა რაფინიამ მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა “ვალენსიას” საჯარიმოში ფერმინ ლოპესს, რომელმაც თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. 27-ე წუთზე საჯარიმოდან წინ გამოსულმა ტერ შტეგენმა უგო დუროს მოტყუება მოინდომა, მაგრამ საბოლოოდ ბურთი “ვალენსიას” ფორვარდს ჩააბარა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. 38-ე წუთზე არაუხომ თავის საჯარიმოში ვარდნით პეტერი წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი პეპელუმ გამოიყენა – 1:2.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე “ბარსელონამ” კუთხური ჩააწოდა და მამარდაშვილმა გამოსვლაზე არადამაჯერებლად ითამაშა, ხოლო არაუხოს თავურის მერე ბურთი ზედა ძელს მოხვდა. პირველი ტაიმის მიწურულს თანაგუნდელმა საჯარიმოს გარეთ მყოფ მამარდაშვილს დაუბრუნა ბურთი, რომელიც ქართველმა მეკარემ ცუდად მიიღო, ხოლო შეცდომის გამოსასწორებლად იამალთან ორთაბრძოლაში ხელით ითამაშა. მსაჯმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და გიორგი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა. მამარდაშვილმა “ვალენსიაში” გადასვლის შემდეგ, წითელი ბარათი პირველად მიიღო. მისი ადგილი კარში ხაუმე დომენეკმა დაიკავა. მეორე ტაიმის დასაწყისშო გიუნდოგანმა კუთხური ჩააწოდა და ახლოს კუთხესთან ყველას ლევანდოვსკიმ დაასწრო, რომელმაც თავით ზუსტად დაარტყა – 2:2. 82-ე წუთზე არაუხოს პასის შემდეგ “ბარსელონას” ლევანდოვსკიმ დააწინაურა, რომელმაც 93-ე წუთზე საუცხოო საჯარიმო დარტყმით საბოლოო წერტილი დასვა.
“ბარსელონა” 73 ქულით 20 გუნდში მეორეა, ხოლო “ვალენსია” 47 ქულით – მერვე.
ცნობისთვის, მამარდაშვილი 2007 წლის შემდეგ “ვალენსიას” პირველი მეკარე გახდა, რომელიც გააძევეს. მაშინა, “ვალენსია” “ლევანტესთან” 2:4 დამარცხდა, ხოლო ლეგენდარულ სანტიაგო კანისარესს წითელი ბარათი მე-8 წუთზე აჩვენეს.
ლაშა თაბაგარი