იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში “ნაპოლი” თავის მოედანზე “რომას” დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია მასპინძლების რიგებში ძალიან აქტიური იყო და პენალტიც მოიპოვა.
მატჩის 31-ე წუთზე რომაელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ოსიმენმა ახლო კუთხეში სახიფათოდ დაარტყა და მეკარე სვირელმა ბურთი მოიგერია. ამ ეპიზოდიდან ხუთ წუთში ოსიმენმა მოედნის ცენტრში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგისამ კარს დიდი მანძილით ააცილა. ცოტა ხანში, კვარაცხელიამ დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და რიკოშეტის შემდეგ, ბურთი კინაღამ კარში აღმოჩნდა. ამის შემდეგ, კვარაცხელია “რომას” კარს კიდევ ერთხელ დაემუქრა სახიფათიდ და სვირელმა ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. ტაიმის მიწურულს კვარაცხელიამ საჯარიმო დარტყმის შესრულების პასი სტუმართა კართან ახლოს მყოფ დი ლორენცოს გაუკეთა, რომლის თავური შემდეგ ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
59-ე წუთზე “ნაპოლის” მცველმა ჟოან ჟესუსმა თავის საჯარიმოში აზმუნი წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი დიბალამ გაიტანა – 0:1. 64-ე წუთზე, შეტევაში ჩართულმა მცველმა ოლივერამ საჯარიმოში შესვლის შემდეგ დაარტყა და ბურთი კრისტენსენის ფეხიდან კარში აღმოჩნდა – 1:1. ანგარიშის გათანაბრებიდან მცირე ხანში ოსიმენმა დაარტყა თავით სახიფათოდ და ბურთი კარს სანტიმეტრებიდა აცდა. 73-ე წუთზე ოსიმენმა მეურვეს სისწრაფეში აჯობა და მეკარესთან ერთ-ერთზე გასულმა დაარტყა – სვირელმა ბურთი ისევ უკუაგდო.
მე-80 წუთზე კვარაცხელია სტუმართა საჯარიმოში შეეცადა გვერდი აევლო მცველისთვის, რომელმაც ფეხი ჩაარტყა და მთავარმა მსაჯმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ პენალტი დადო, რომელიც გოლად ოსიმენმა აქცია. კვარაცხელია 86-ე წუთზე შეცვალეს. 90-ე წუთზე “ნეაპოლელთა” კარის წინ მარტო დარჩენილმა აბრაჰამმა თავით გაიტანა. მსაჯმა თავიდან მასზე თამაშგარე დააფიქსირა, მაგრამ VAR-ე გადამოწმების მერე გოლი ჩათვალა. “ნაპოლი” 50 ქულით 20 გუნდში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
