კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში თბილისის „იბერიამ“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ორი ბურთით იგებდა, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო.
მატჩის მე-2 წუთზე ცოტნე კაპანაძემ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ირაკლი კომახიძემ მცველს დაასწრო და ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, შოთა ნონიკაშვილის სახიფათო თავური დარტყმის შემდეგ, სერბმა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტანდარტული გიზო მამაგეიშვილმა მოიგერია და გიორგი ჯგერენაიამ თავით ზუსტი დარტყმით „იბერია“ მე-4 წუთისთვის 2:0 დააწინაურა. 33-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ბრაზილიელი ჟორჟინიო ერთ მცველს გასცდა და პასი თანამემამულე ფილიპე პირესს მისცა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა – 2:1.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში გიორგი კოხრეიძე სტუმართა საჯარიმოშო პედრო მონტეიროს ორჯერ გაცდა და მისი დარტყმული ბურთი კლიაიჩმა ფეხით მოიგერია. თუმცა, თბილისელთა შეტევა გაგრძელდა და საჯარიმოს გარედან ოთარ მამაგეიშვილის დარტყმის მერე, კლიაიჩმა საიმედოდ ითამაშა. 59-ე წუთზე კლიაიჩმა ხელსაყრელი პოზიციიდან კოხრეიძეს ორჯერ არ გაატანინა. თუმცა, ერთ წუთში კოხრეიძემ დაახლოებით 25 ,მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა – 3:1. გოლის გატანის ეპიზოდში კოხრეიძემ ტრავმა მიიღო და გაბონელმა ფლორის ჯავიმ შეცვალა. 70-ე წუთზე ცოტნე კაპანაძემ თავის საჯარიმოში ალეკო ბასილაძე წააქცია და მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი არაბიძემ გოლად აქცია – 3:2. 82-ე წუთზე აკბარმა კარგი დიაგონალური გადაცემით საჯარიმოში ბასილაძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი კაისკენ გაგზავნა და თბილისელები გოლის გაშვებისაგან ზედა ძელმა გადაარჩინა. ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე „ტორპედომ“ კუთხური ჩააწოდა და ნადარაიას თავურის მერე, ლაზარე კუპატაძემ ნახტომში ბურთი კუთხურზე უკუაგდო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე „იბერიას“ ორ მცველს შორის მოქცეულმა ქუთაისელმა ფეხბურთელმა ერთი შეხებით კუპატაძესთან პირისპირ იონსენი დატოვა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა – 3:3. მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ყველაზე უცხვგოლიანი მატჩი და ფრე დაფიქსირდა.
„იბერიას“ 26 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო „ტორპედო“ 18 ქულით მეოთხეა.
იბერია 1999 3:3 ტორპედო
ლაშა თაბაგარი





