…„ჩვენ ძალიან, ძალიან შორიდან მოვდივართ საკუთარ თავამდე“ – მამარდაშვილმა ეს ფრაზა ნახევარი საუკუნის ხნის წინ დაწერა. მერაბ მამარდაშვილმა – დიდმა ქართველმა ფილოსოფოსმა. მისმა ახალგაზრდა მოგვარემ კი სიტყვა საქმედ აქცია და „ძალიან შორიდან მომავლები“ ძალიან ახლოს მიგვიყვანა ევროპის ასე ნანატრ ჩემპიონატთან! ცხადია, არამხოლოდ გიორგიმ: საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა, მწვრთნელებმა, ფედერაციის თანამშრომლებმა, გულშემატკივარმა. ყველამ, ვინც წლების განმავლობაში ელოდა, ვისაც სულ სჯეროდა, რომ ევროპირველობის კარი საქართველოს ნაკრებისთვისაც გაიღება…
გაიღო კიდეც და… აღარასდროს უნდა დაიკეტოს! ქართველი გულშემატკივარი იმსახურებს, რომ ეს სიხარული ტრადიციად იქცეს. ჩვენმა ფეხბურთელებმაც ისევე სტაბილურად ითამაშონ ხოლმე კონტინენტის პირველობაზე, როგორც ქართველმა კალათბურთელებმა და მორაგბეებმა მიგვაჩვიეს. დიახ, წარმატებამ მიჩვევა იცის და თუ ერთხელ გასინჯე, მარცხს ვეღარ შეეგუები. „თუ თქვენ ერთხელ გემო გაუგეთ თავისუფლებას, შეიცანით იგი – ვეღარასდროს დაივიწყებთ“, – ესეც ქართველი ფილოსოფოსის სიტყვებია.
თავისუფლების გემო 33 წლის წინ გავიგეთ, „საფეხბურთო თავისუფლებისა“ – კიდევ უფრო ადრე (ნიშანდობლივია, რომ საბჭოთა კავშირს ჯერ ქართული ფეხბურთი გამოეყო და მხოლოდ შემდეგ – მთელი ქვეყანა) და 30-წლიანი ლოდინის შემდეგ, პირველი „ევროკავშირშიც“ ფეხბურთი შედის.
მერე რა, რომ ბოლომდე, ჯერ არ გვიპოვნია „საკუთარი თავი“? ჩვენმა საყვარელმა ნაკრებმა იპოვნა ძალაც, მუხტიც და რაც მთავარია – ევროპის ჩემპიონატის საგზურიც!
ჯერ კიდევ ეიფორიაში ვართ. ბოლომდე ჯერაც ვერ ვაცნობიერებთ, რა მოხდა. ოღონდ, იმას კი ყველა ვხვდებით, რომ რაღაც დიდის, რაღაც ახალი ეტაპის დასაწყისში ვართ და ეს მუხტიც, მოლოდინიცა და სიხარულიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს…
ბერძნების დამარცხების შემდეგ, ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრების უმეტესობა „დინამო არენის“ მინდორზე შევარდა და… მოედანი წარმოუდგენლად სწრაფად გაივსო.
თუმცა სავსე მხოლოდ მინდორი და სარბენი ბილიკები არ ყოფილა. მთელი საქართველო სავსე იყო: ფეხბურთით, სიამაყით, იმედით სავსე!
ზღაპრის ბოლო კეთილია
ეს წარმატება მხოლოდ ფეხბურთისთვის არ ყოფილა მნიშვნელოვანი – დიდი ამბავია მთლიანად ქვეყნისთვის. ფეხბურთს მართლაც შეუძლია გააერთიანოს მთელი ქვეყანა და ამის ნათელი მაგალითი 26 მარტს (წინა დღეებშიც) ვნახეთ… იმ იშვიათ დღეთაგანი იყო, მთელი საქართველო ერთ მუშტად რომ არის ხოლმე შეკრული. ერთი მიზნისთვის გაერთიანებული.
სტადიონზე რაც ხდებოდა, ყველამ ვნახეთ. მაგრამ არანაკლებ ემოციურია ის უამრავი ვიდეო, სოციალურ ქსელებში რომ ვრცელდება – სიხარულისგან ატირებული, ჭკუიდან გადასული ადამიანების გულწრფელი ემოცია… ეს შეუძლია ფეხბურთს. ეს შეუძლია ერთიანობას.
27 მარტის დილა 30-წლიანი იმედგაცრუების დასასრული იყო. გასული წლების 18 ნოემბრის, 13 მაისის, ოქტომბრის წვიმიანი დღეების გაგრძელება, მათი დამსახურებით მოტანილი შედეგი!
იმ ოპტიმიზმის (ხშირად – უსაფუძვლო) დამსახურება, ყოველ შესარჩევ ეტაპს ახალი იმედით რომ ვიწყებდით და სამი ტურის შემდეგ, „მომდევნო საკვალიფიკაციოს მოსამზადებელ ეტაპად“ რომ იქცეოდა ხოლმე. ვიტალი დარასელიას დიდებული მოძრაობისა და მოქნეული მარცხენის გაგრძელება. დათუნაშვილის „ჩახვეული“ კუთხურებისა. ხორვატიასთან 90-ე წუთზე გატანილი გოლის. გიო KINGლაძის უსაზღვრო ნიჭისა და „ჯადოსნური მარცხენის“ გამოძახილი – კვარას მსგავსად, პირველივე სეზონში რომ გადარია ინგლისური პრემიერლიგა. იმ ბავშვების იმედების გამართლება, მესის მაისურები უკვე სექტემბერში რომ გადაცვალეს „ნაპოლიში“ აგვისტოში გადასული კვარაცხელიას მაისურებზე! იმ გა(და)მყიდველებისაც, იმედია, დროულად რომ გააცნობიერებენ, რომ „ფულით ყველაფერს ვერ იყიდი“ და მიხვდებიან, როგორი ხალხი არ უნდა დატოვონ ფეხბურთის გარეშე…
ვილი სანიოლის შვილს უთქვამს – პირველად ვნახე, როგორ იტირა მამაჩემმა ფეხბურთის გამოო… მეც პირველად ვნახე, როგორ ტიროდა პრეს-ლოჟაში მსხდომი ყველა ჟურნალისტი. და მთელი სტადიონი.
ისტორიული ივნისი
უკვე კარგა ხანია, ცნობილია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი: 18 ივნისს, დორტმუნდის „სიგნალ იდუნა პარკზე“ თურქეთის ნაკრებს ვეთამაშებით, 22 ივნისს ჩეხეთთან მატჩია (ჰამბურგი, „ფოლკსპარკშტადიონი“), 26-ში – საქართველო-პორტუგალია (გელზენკირხენი, „ფელტინს არენა“). პირველ, ჩვენთვის ისტორიულ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ ვითამაშებთ. გერმანიაში მილიონობით ეთნიკური თურქი ცხოვრობს, ცხადია – დორტმუნდის ულამაზეს სტადიონზეც ათეულობით ათასს ვნახავთ, თუმცა… „ერთით მეტი“ მაინც ჩვენ ვიქნებით – 18 ივნისი ხომ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის – დავით ყიფიანის დაბადების დღეა…
ქართველ გულშემატკივრებს დღემდე სწყდებათ გული, რუსულმა შოვინიზმმა ლეგენდარული ათიანი 1982 წლის მუნდიალს მიღმა რომ დატოვა – ყიფო ესპანეთში(ც) აუცილებლად გაიბრწყინებდაო! დიდი ალბათობით, ასე იქნებოდა, მაგრამ ამაზე ლაპარაკს დღეს აზრი აღარ აქვს. ახლა, ჩვენი წილი, ჩვენთვის ისტორიული ტურნირი გვაქვს სათამაშო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თურქებთან (ცხადია – ჩეხეთთან და პორტუგალიასთანაც!) მოსაგებად – ყიფოსთვის, პაიჭაძისთვის, ქინქლაძისთვის, ძველი და ახალი თაობის ყველა ფეხბურთელისთვის, თითოეული „სტაჟიანი“ თუ ახალბედა გულშემატკივრისთვის, დღემდე, საეტაპო გამარჯვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კიდევ და კიდევ, ვინ იცის – მერამდენედ რომ უყურებენ პენალტების სერიას, კვეკვესკირის გადამწყვეტ დარტყმას და ქოჩორას ქოჩორში წავლებულ ხელებს… ჩვენთვის სრულიად უცნობი და ამავდროულად – საოცრად ახლობელი ადამიანების გულწრფელ ემოციებს, გამარჯვებით გამოწვეული სიხარულის ამსახველ ვიდეო-კადრებს.
საქართველოს სტადიონზე არასდროს მინახავს მოედანზე ნიაღვარივით შევარდნილი ამდენი ადამიანი. „დინამო არენა“ სავსე იყო ადამიანებით, ფეხბურთით, ემოციით… ქვეყანა კი… ჩვენი ქვეყანა ფეხბურთით იყო სავსე და ამ მონატრებული ემოციისგან აღარასდროს უნდა დავიცალოთ.
მე ვარ საქართველო, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!
ფეხბურთით სავსე ქვეყანა ვარ…
რატი შელეგია





