ბათუმის „დინამო“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. ზედიზედ 5 შეხვედრის მოგების შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში მოქმედი ჩემპიონი თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე „იბერიას“ დაუპირისპირდა და ამჯერად, ქულაც ვერ აიღო. ამრიგად, საქართველოს ჩემპიონატში ამ სეზონში წაუგებელი გუნდი აღარ დარჩა. „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგუ მიქაძემ აშკარად მოუგო დუელი თავის ოპონენტს და სამი ქულა აქტივში დამსახურებულად ჩაიწერა.
მატჩის მე-12 წუთზე „იბერიას“ კონტრშეტევის დროს ცოტნე კაპანაძე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და პასი გიორგი კოხრეიძეს გაუკეთა, რომელმაც თითქმის პენალტის ნიშნულიდან კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.
28-ე წუთზე საბა მამაცასვილმა საუცხოო პასი მისცა სტუმართა მცველის ზურგსუკან გახსნილ კოხრეიძეს, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი გაისწორა, ხოლო საჯარიმოში შესულმა მეორეთი მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა – 2:0.
„დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ანდრეი დემჩენკო პირველ ტაიმში თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა და შესვენებაზე 4 ფეხბურთელი შეცვალა. მეორე ტაიმის სტარტზე გიორგი წიტაიშვილი თბილისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და კაპანაძესთან ძალიასმიერი ორთაბრძოლის დროს წაიქცა. მთავარმა სმაჯმა ბაკურ ნინუამ ჯერ პენალტი დანიშნა, მაგრამ რეფერის ვიდეოსისტენტის მოთხოვნით ეპიზოდი გაადაამოწმა და თავისი გადაწყვეტილება გააუქმა.
67-ე წუთზე ბათუმელთა იერიშის დროს წიტაიშვილმა მასპინძლების საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და „იბერიას“ მცველის ფეხისგან ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 72-ე წუთზე საბა მამაცაშვილმა დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და დაბალი ტრაექტორიით წასული ბურთი დინამოელთა კარში აღმოჩნდა – 3:0. 98-ე წუთზე მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი წიტაიშვილის ჩაწოდების შემდეგ, კაპანაძემ ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დადო. ვლადიმიერ მამუჩაშვილმა თერთმეტმტერიანი შეასრულა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. მამუჩაშვილი მიმდინარე სეზონში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პენალტი ვერ გაიტანა. შედეგად, „იბერიამ“ ბათუმელებთან 17-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
მარცხის მიუხედავად ბათუმის „დინამო“ 15 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „იბერიამ“ 13 ქულით მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა, ვიდრე ხვალ მე-6 ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება.
იბერია 1999 3:0 დინამო ბთ
ლაშა თაბაგარი





