ფრანჩესკო კალცონას მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სტუმრად „ბარსელონასთან“ გასამართი დაპირისპირება „ნაპოლისთვის“ წლის თამაშია. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მომავალი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, წლის თამაშია. შიში მეტოქის წინაშე? თუ გეშინია, მაშინ მოედანზეც არ უნდა გახვიდე. იმის გაბედულება უნდა გქონდეს, რომ დაუპირისპირდე ძლიერ მეტოქეს, რომელიც ბოლო პერიოდში საუცხოოდ გამოიყურება. საკუთარი ძალა უნდა შევიგრძნოთ. „ნაპოლი“ ნებისმიერ მეტოქეს თანაბრად უნდა ეთამაშოს და ყოველ მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლოს.
ასეთი თამაშის წინ რამე ექსტრაორდინალურის გაკეთება არ მჭირდება, რომ ფეხბურთელებმა მისი მნიშვნელობა გაითავისონ. როგორც მატეო პოლიტანომ თქვა, თამაშის სტატუსი ყველაფერზე მეტყველებს. ყველა გუნდს არ აქვს იმის შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მოსახვედრად ასეთ მეტოქეს დაუპირისპირდეს.
რა შეიცვალა პირველ მატჩთან შედარებით? ჩვენ უფრო კომპაქტურები გავხდით და ნაკლებ გოლს ვუშვებთ. ასევე შეტევაში უკეთესად ვთამაშობთ და უფრო მეტი გოლი გაგვაქვს. გარდა ამისა, კონტრპრესინგს კარგად ვიყენებთ – არ მიყვარს, როდესაც ბურთის დაკარგვის შემდეგ ჩემი გუნდი დაცვაში გარბის.
ხავიმ ლონოტკას „ნაპოლიში“ თავისი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი უწოდა? „ბარსელონას“ შემადგენლობაში არავის გამოვარჩევ, რადგან ამ გუნდის ბევრი მოთამაშე მომწონს. თვალი გაგირბის, მაგრამ მე „ნაპოლის“ გაწვრთნით ბედნიერი ვარ. ლამინ იამალი? მას ისეთი თვისებები აქვს, რომ მომავალში შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. ის 17 წლისაა, მაგრამ როგორც ძალიან გამოცდილი ფეხბურთელი ისე თამაშობს. თუ პროგრესირებას გააგრძელებს, მსოფლიო დონის მოთამაშე გახდება“ – ციტირებს კალცონას იტალიური მედია.
ლაშა თაბაგარი





