თურქეთის თასის 1/4-ფინალში სტუმრად “გალათასარაის” დამარცხების შემდეგ, შოთა არველაძის გაწვრთნილი “ქარაგიუმრუქი” ჩემპიონატის 28-ე ტურში “ადანა დემირსპორს” ეწვია და მინიმალური ანგარიშით წააგო. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ გაიტანა, რომელმაც 27-ე წუთზე პენალტი გამოიყენა. “ქარაგიუმრუქს” თურქეთის სუპერლიგაში ზედიზედ 3 მატჩია არ მოუგია (2 ფრე და 1 მარცხი) – 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
რუმინეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში კრაიოვას “უნივერისტატია”, სადაც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, შინ ბუქარესტის “რაპიდს” შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მასპინძლების სასტარტოში ისევ არ იყო და თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. “უნივერსიტატია” 46 ქულით 16 გუნდში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





