ავსტრიაში კიტეიშვილმა ალთუნაშვილს მოუგო

0
42

ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ნახევარმცველი დაუპირისპირდა – ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ მიიღო. ორივე ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო – კიტეიშვილმა მე-2 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 84-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ალთუნაშვილმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო და 55-ე წუთზე გააფრთხილეს. „შტურმმა“ მეტოქე 4:0 დაამარცხა და 45 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა – ლიდერ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება. „ვოლფსბერგერი“ 29 ქულით მერვეა.
კვიპროსის ჩემპიონობისთვის მებრძოლმა აპოელმა „პაფოსი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ფორვარდი გიორგი ქვილითაია თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო. აპოელი 63 ქულით ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ „არისს“ 7 ქულით ასწრებს.
პოლონეთის ექსტრაკლასას 23-ე ტურში პოზნანის “ლეხი” “რაკუვს” ეწვია და 0:4 დამარცხდა. ჩვენი ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი პოზნანელთა თადარიგში იყო და არ უთამაშია. “ლეხი” 40 ქულით 18 გუნდში მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი