მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „რეალთან: უპირატესობა ვერ შეინარჩუნა

0
68

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში გათამაშების ლიდერი მადრიდის „რეალი“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი სხვაობით იგებდა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა შეუცვლელად ითამაშა და ერთ ეპიზოდში მასპინძლები გოლის გაშვებას გადაარჩინა.
მატჩის 27-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფი ფრან პერესი მიწაზე დაუშვებლად ეცადა ბურთის კარში გადაგზავნას, მაგრამ დარტყმის მაგივრად პასი უგო დუროს მიმართულებით გამოუვიდა, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა – – 1:0. 30-ე წუთზე თავის ნახევარზე დანი კარვახალმა ძალიან ცუდად დაუბრუნა მეკარე ლუნინს ბურთი, რომელსაც სტუმართა საჯარიმოში იარემჩუკი დაეუფლა და ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 2:0.
პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე „ვალენსიას“ საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა როდრიგომ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი რომელიც მასპინძელთა  ფეხბურთელს შეეხო, რის შემდეგ ცოტა მიმართულება შეიცვალა და მას კარიდან გამოსული მამარდაშვილი ვერ დაეუფლა, ხოლო ვინისიუს ჟუნიორს გატანა არ გაჭირვებია.
მეორე ტაიმის შუაწელში ჯუდ ბელინგემმა „ვალენსიას“ საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა და ახლო მანძილიდან შორეულ კუთხეში დაარტყა – თითქოს გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ მამარდაშვილმა ბურთი ფეხით მოიგერია. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში უკვე ლუნინმა ითამაშა საუცხოოდ და უგო დუროს კარი არ დაანება. 76-ე წუთზე ბრაჰიმ დიასის ზუსტი პასის მერე, მოწინააღმდეგის კართან ახლოს მდგომმა ვინისიუსმა თავით დუბლი შეასრულა – 2:2.
მე-80 წუთზე „ვალენსიას“ მცველმა დიახაბიმ „რეალის“ ფრანგ ლეგიონერ ჩუამენისთან ორთაბრძოლის დროს ისეთი მძიმე ტრავმა მიიღო, რომ მის შემხედვარე ორივე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა ხელები თავში იტაცა. ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. შეხვედრის ბოლო მე-9 დამატებულ წუთზე კანსელუმ მამარდაშვილის კარი თავით აიღო, მაგრამ „რეალის“ ფეხბურთელის დარტყმამდე რამდენიმე წამით ადრე ხესუს ხილ მანსანომ ჩასტვინა და თამაში დაამთავრა. ამ ფაქტმა „რეალის“ ფეხბურთელებში მძაფრი რეაქცია გამოიწვია და საქმე ბელინგემის გაძევებამდეც კი მივიდა.
„რეალი“ 66 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია, ხოლო „ვალენსია“ 37 ქულით მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი