კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში თბილისის „დინამომ“ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო, რომელსაც მიხეილ აშვეთია წვრთნის და სამი ქულა აიღო. განვლილი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ და „დინამოს“ კაპიტანმა გიორგი ლორიამ მცირე ტრავმის მიზეზით გამოტოვა.
მატჩის მე-10 წუთზე ესპანელმა კადეტემ კუთხური ჩააწოდა და მასპინძლების ახალწვეულმა ფრანგმა ნახევარმცველმა დომინიკ საიმონმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0. მე-16 წუთზე „სამგურალის“ საჯარიმოში გვატემალელი ოსკარ სანტისმა აართვა ბურთი ბრაზილიელ ფერნანდო ბულის და მისი დარტყმის შემდეგ სტუმრები მეორე გოლის გაშვებას გვერდითმა ძელმა „გადაარჩინა“.
33-ე წუთზე ბექა დარცმელიამ თავის საჯარიმოში ომარ პატარკაციშვილს ძალიან ცუდი პასი გააკეთა და ბურთი ნიკა სიხარულაშვილს “ჩააბარა”, რომელმაც თბილისელთა მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა – 2:0. ტაიმის მიწურულს წყალტუბოელთა მეკარე ნოდარ ყალიჩავამ ძალიან კარგად ითამაშა და ოსკარ სანტისს ახლო მანძილიდან არ გაატანინა. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე „დინამოს“ ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეს კარასკომ საიმონი ლევან ოსიყმაშვილით შეცვალა.
გუნდებმა თამაში 10 ფეხბურთელით დაასრულეს – მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა ემოციების ვერმოთოკვისთვის ორი ყვითელი ბარათი ჯერ სამგურალელ ლუკა ხორხელს აჩვენა, ხოლო მოგვიანებით დინამოელ გიორგი მაისურაძეს.
თამაშის მიწურულს ოსკარ სანტისი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ საჯარიმოში შესულს ირაკლი ჯანჯღავა წამოეწია და არ დაარტყმევინა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა.
დინამო თბ 2:0 სამგურალი
ლაშა თაბაგარი





