26 თებერვალს, ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისტორია დაწერა – ისლანდიასთან მატჩში 3 ქულით დამარცხდა, თუმცა ეს საკმარისი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად. წლევანდელ 26 თებერვალს კი ქართული კალათბურთის ისტორიის ნაწილი დასრულდა. ნაწილი, რომელსაც გიორგი ცინცაძე ჰქვია.
ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი, რომელიც საქართველომ სერბეთის წინააღმდეგ გამართა, ბუდ წოდებული გიორგი ცინცაძისთვის 217-ე და უკანასკნელი იყო. დამოუკიდებელი საქართველოს საუკეთესო გამთამაშებელმა 20-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა. ბუ ნაკრებიდან წავიდა – სამწუხაროდ, მისი ბოლო მატჩი მარცხიანი გამოდგა. საქართველო სერბეთთან 63:76 დამარცხდა და G ჯგუფში 2-დან 2 წაგებით ბოლო, მე-4 ადგილზეა. ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგიb19 ქულა კაპიტან თორნიკე შენგელიას. ტომასონი (13) ჩვენი გუნდის მეორე საუკეთესო მექულე იყო.
საქართველოს ნაკრებს შემდეგი მატჩები 3 და 5 ივლისს – შესაბამისად ლატვიასთან და ფილიპინებთან ექნება, რომელიც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის ფარგლებში, ქალაქ რიგაში გაიმართება. უშუალოდ ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს საქართველოს ნაკრები ფინეთთან 21 ნოემბერს ჰელსინკიში, ხოლო 24-ში თბილისში გამართავს.





