კაჭარავამ ლიეტუვაში სეზონი ტიტულით დაიწყო

0
62

ნიკა კაჭარავამ „პანევეჟისის“ მაისურით ლიეტუვაში კიდევ ერთი ტიტული მოიგო, ის ნახსენებ გუნდში გასული წლის ზაფხულიდან გამოდის და სადებიუტო სეზონში ჩემპიონის ოქროს მედლებს დაეუფლა – 7 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ამჯერად, „პანევეჟისმა“ ახალი სეზონის სტარტზე ლიეტუვას სუპერთასისთვის ბრძოლაში ვილნიუსის „ტრანსინვესტი“ დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „პანევეჟისმა“ 5:4 მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და თერთმეტმეტრიანიც გაიტანა. „ტრანსისნვესტის“ სასტარტოში ოთარ კობახიძე მოხვდა, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს.
ესტონეთის სუპერთასისთვის ბრძოლაში დამარცხდა „ნარცა ტრანსი“, სადაც ზაქარია ბეგლარიშვილი, სერგო კუხიანიძე, შალვა ბურჯანაძე და ვაჟა ნემსაძე გამოდიან.  ტალინის „ფლორასთან“ შეხვდდრაში „ნარვა ტრანსი“ 90-ე წუთამდე 0:2 აგებდა, მაგრამ ანგარიში გაათანაბრა – ერთი გოლი კუხიანიძემ გაიტანა მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე. პენალტების სერიაში „ფლორამ“ 5:3 გაიმარჯვა – კუხიანიძემ თავისი შანსი ისევ გამოიყენა, ხოლო ბურჯაძემ დარტყმა გააცუდა.
ლაშა თაბაგარი