გელაშვილის პირველი წითელი ბარათი იტალიაში

0
38

ივა გელაშვილმა „სპეციაში“ გადასვლის შემდეგ პირველი წითელი ბარათი მიიღო. სერია B-ს 26-ე ტურში „სპეცია“ სტუმრად „მოდენას“ დაუპირისპირდა და ქულა აიღო – 0:0. 22 წლის ქართველი მცველი, რომელიც იტალიაში სადებიუტო სეზონს ატარებს. სასტარტო შემადგენლობაში მეექვსედ მოხვდა, მაგრამ მოედანზე დიდი დრო ვერ გაატარა. მან პირველი ყვითელი ბარათი 27-ე წუთზე მიიღო, ხოლო მეორედ 35-ე წუთზე გააფრთხილეს და თამაში ნაადრევად დაასრულა. „სპეციას“ 26 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირ ცხრილში მე-18 ადგილზეა.
სლოვაკეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში ბრატისლავას „სლოვანმა“ გასვლაზე „ტრენჩინს“ 2:0 აჯობა. გამარჯვებულებში ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 54 ქულით სატურნირო ცხრილში მპირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ „ჟილინას“ 14 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი