ოსიმენმა „ნაპოლი“ წაგებას გადაარჩინა – კვარაცხელიას ბოლომდე არ ენდნენ

0
55

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირvel მატჩში „ნაპოლიმ“ „ბარსელონა“ მიიღო და არცთუ სანახაოებრივ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა. ნეაპოლელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა, მაგრამ ბოლომდე არ ენდო და 68-ე წუთზე შეცვალა. კვარაცხელია ჩვეულებისამებრ ცდილობდა მარცხენა ფლანგზე ეაქტიურა, სადაც მას კუნდე მეურვეობდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ერთ საათზე მეტ ხანს მასპინძლები ცუდად გამოიყურებოდნენ, არც ქართველს უჩვენებია თავისი საუკეთესო თამაში. შეცვლის მერე, მან მოედანი აშკარად უკმაყოფილომ დატოვა.
პირველ ტაიმში „ნაპოლის“ კარის მიმართულებით არ დაურტყამს, როდესაც ესპანელები იტალიელეთა კარს სამჯერ სახიფათოდ დაემუქრნენ. მერეტმა ჯერ საჯარიმოს გარედან იამალის დარტყმა მოიგერია, შემდეგ ახლო მანძილიდან ლევანდოვსკის არ გაატანინა,  ხოლო პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე უკვე გიუნდოგანის დარტყმული გაანაიტრალა. 16 წლის და 223 დღის ასაკში იამალი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშა.
„ბარსელონამ“ თავისი უპირატესობა გოლად მე-60 წუთზე ლევანდოვსკიმ აქცია, როდესაც პერდის კარგი პასის მერე საჯარიმოში დი ლორენცო ჩამოიცილა, რომელიც ვერც ნათან ჟუნიორმა დააზღვია და ზუსტად დაარტყა – 0:1. პოლონელი 35 წლის და 184 დღის ასაკში “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გოლი გაიტანა. მან არგენტინელი ლიონელ მესის რეკორდი გააუმჯობესა.
75-ე წუთზე  ანგისას გადაცემის შემდეგ ოსიმენმა კატალონელთა საჯარიმოში ფიზიკური ორთაბრძოლა ინიგო მარტინესს მოუგო და ტერ შტეგენის კარი აიღო – 1:1. ანგარიშის გათანაბრების მერე,  „ნაპოლიმ“ მეტოქეზე წნეხი გააძლიერა და „ბარსელონას“ მასპინძლების ნახევარზე გადასვლა გაუჭირდა. თუმცა, ნეაპოლელებმა თავისი უპირატესობა გოლად ვერ აქციეს,  თამაშის მიწურულს კი გიუნდოგანმა კინაღამ სტუმრებს მოაგებინა – გერმანელის საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა.
ლაშა თაბაგარი